ევროკავშირის გარემოსდაცვითი პოლიტიკის წინააღმდეგ ფრანგი ფერმერების პროტესტს ბელგიელი ფერმერებიც შეუერთდნენ. ისინი ზებრუგეს პორტის ბლოკირებას გეგმავენ. აქტივისტები საწვავის ფასის ზრდასა და უცხოური, იაფი პროდუქციის მასობრივ იმპორტსაც აპროტესტებენ. უკვე რამდენიმე დღეა, რაც ფრანგი ფერმერები ინფლაციის გამო შემოსავლების შემცირებას, სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის გაზრდას და ბიუროკრატიას ეწინააღმდეგებიან. ფერმერებმა ტრაქტორებით პარიზის გარშემო არსებული საავტომობილო გზები გადაკეტეს. საფრანგეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ფერმერებს დიზელის საწვავის სუბსიდირებას არ შეუწყვეტს, თუმცა ფერმერები ამ ზომებს არასაკმარისად მიიჩნევენ. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის დეკემბრიდან გერმანელი ფერმერებიც საპროტესტო აქციებს ატარებენ.