თბილისში, ჯერ კიდევ დაუსრულებელ კორპუსებში, ბინების 82% უკვე გაყიდულია. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია ნათქვამი.როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, „გალთ ენდ თაგარტმა“ 2024 წლის იანვარში, 13 სისტემური დეველოპერის გამოკითხვა ჩაატარა, რომელიც 68 მიმდინარე სამშენებლო პროექტს მოიცავდა. გამოკითხვის შედეგად კი გაირკვა, რომ გაყიდვების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა 2022 წელს, რაც დასტაბილურდა 2023 წლის პირველ 9 თვეში. ხოლო დასტაბილურების შემდეგ, 2023 წლის მე-4 კვარტალში დეველოპერების გაყიდვები კვლავ დაჩქარდა და წინა სამი კვარტლის გაყიდვების საშუალო მაჩვენებელს 21.9%-ით გადააჭარბა. ამასთან, დეველოპერების გამოკითხვის შედეგებით, დასრულებულ პროექტებში თითქმის ყველა ბინა უკვე გაყიდულია. ამასთანავე, პროექტებში რომელთა დასრულების თარიღი 2026-2028 წლებია, ბინების თითქმის ნახევარია უკვე გაყიდული. კერძოდ, 2024 წელს დასამთავრებელ კორპუსებში ბინების 82%-ია უკვე გაყიდული, 2025 წელს დასამთავრებელში - 64%, ხოლო 2026-2028 წლებში დასამთავრებელ კორპუსებში - 45%.