სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, სადაც აღნიშნავს, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ჩვენს ქვეყანაში ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმირებული არ იყო, ოპოზიცია “ქართული ოცნების” მიერ, პრეზიდენტის დაკნინების მცდელობად აღიქვამს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რო ამ ფორმით მმართველი პარტია არა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის, არამედ ზოგადად - პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ უპატივცემულობას ავლენს. ზურაბიშვილის კრიტიკის “ქართული ოცნების” წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. ისინი პრეზიდენტს ქვეყნის ინტერესების დაზიანებაში ადანაშაულებენ, მის კრიტიკას კი უსაფუძვლოდ მიიჩნევენ.