აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ-ის სენატში შეთანხმებული სასაზღვრო შეთანხმება შესაძლო რეფორმების „ყველაზე მკაცრი და სამართლიანი“ ნაკრებია და პრეზიდენტი პირობას დებს, რომ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, იმავე დღეს დახურავს საზღვარს, როგორც კი დოკუმენტს ხელს მოაწერს. როგორც სააგენტო „როიტერი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, დოკუმენტი ითვალისწინებს ახალ შეზღუდვებს საზღვარზე თავშესაფრის მთხოვნელთა მიმართ, მათ შორის, მიგრანტების უკან გაბრუნების შესაძლებლობას, იმ შემთხვევაში, თუ აშშ-მექსიკის საზღვარზე მიგრანტთა ნაკადი დღიურად 4 000-ს გადააჭარბებს. იმ შემთხვევაში კი, თუ მიგრანტთა ნაკადი დღიურად 5 000-ს გადააჭარბებს, უკან გაბრუნების უფლებამოსილების ამოქმედება სავალდებულო გახდება. აშშ-ის სტატისტიკური მონაცემებით, დეკემბერში საზღვრის კვეთის დღიური მაჩვენებელი საშუალოდ 9 500 მიგრანტს შეადგენდა.