ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დონალდ ტრამპს ჟურნალისტ ელიზაბეტ ჯინ კეროლისადმი ცილისწამების საქმეზე კომპენსაციის სახით 83 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. 2019 წელს კეროლმა გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც წერდა, როგორ შეხვდა ტრამპს მაღაზიაში 1990-იან წლებში. მისი განცხადებით, მაღაზიის გასახდელში მილიარდერმა მას ძალის გამოყენებით აკოცა და გააუპატიურა. ამის საპასუხოდ ტრამპმა განაცხადა, რომ კეროლს არ იცნობს და ის „მის გემოვნებაში არაა“. 2023 წლის მაისში ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ტრამპი დამნაშავედ ცნო კეროლის კიდევ ერთ სარჩელზე, სექსუალური ძალადობის ბრალდებით, და ჯარიმის სახით 5 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. ვერდიქტის შემდეგ ტრამპი საჯაროდ აცხადებდა, რომ კეროლი ტყუის. სასამართლოში ელიზაბეტ ჯინ კეროლმა განაცხადა, რომ ტრამპის მხარდამჭერები მას მუქარის შემცველ ტექსტებს უგზავნიდნენ. დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.