უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის მიხედვით ჩატარდება და იგი თვითმფრინავის ჩამოვარდნის ყველა გარემოების დასადგენად კომპლექსური ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებს. რუსეთის ბელგოროდის ოლქში რუსული „ილ-76“-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი 24 იანვარს ჩამოვარდა. რუსულმა მედიამ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ანდრეი კარტაპოლოვის განცხადება გაავრცელა, რომ თვითმფრინავში, სავარაუდოდ, უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ, რომლებიც გაცვლის მიზნით გადაჰყავდათ.