ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე იურისტებს შეხვდება. ბენიამინ ნეთანიაჰუ იურისტებთან შეხვედრას დღეს, თელ-ავივში, თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინაში გამართავს და მასთან ერთად შეხვედრას გენერალური პროკურორი, სტრატეგიულ საქმეთა მინისტრი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან. 24 იანვარს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იგი ღაზაში მიმდინარე ომის შეწყვეტის ან შეზღუდვის შესახებ გადაუდებელი ზომების მიღების თაობაზე გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს. სამხრეთ აფრიკამ ჰააგის სასამართლოში ისრაელის წინააღმდეგ სარჩელი გასული წლის 29 დეკემბერს შეიტანა. სამხრეთ აფრიკა ისრაელს ღაზაში პალესტინელების წინააღმდეგ გენოციდის ჩადენაში ადანაშაულებს და ისრაელის საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას მოითხოვს.