ბელგოროდის ოლქში, რუსული „ილ-76“ -ის თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე შავი ყუთები იპოვეს, ისინი კარგ მდგომარეობაშია, - ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ორივე შავი ყუთი აღმოაჩინეს - ფრენის პარამეტრების სარეგისტრაციო მოწყობილობა და ხმის ჩამწერი“, - განაცხადა წყარომ რუსულ საინფორმაციო სააგენტოსთან საუბარში.
მისივე თქმით, შავი ყუთები უკვე გადაეცა გამომძიებლებს.
შეგახსენებთ, 24 იანვარს, რუსეთის ბელგოროდის ოლქის კოროჩანსკის რაიონში „ილ-76“ ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა. რუსულმა მედიამ გაავრცელა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ანდრეი კარტაპოლოვის განცხადება, რომ თვითმფრინავში, სავარაუდოდ, ათობით უკრაინელი სამხედრო იმყოფებოდა, რომლებიც გასაცვლელად გადაჰყავდათ.