რუსული „ილ 76“-ის ჩამოვარდნის გამო, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა მოითხოვა. სერგეი ლავროვმა დაადასტურა, რომ აღნიშნული თვითმფრინავით რუსებს უკრაინელი ტყვეები გადაჰყავდათ, რომელთა გაცვლაც კიევსა და მოსკოვს შორის შეთანხმების საფუძველზე იგეგმებოდა. მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, თვითმფრინავი, სადაც 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე იმყოფებოდა, უკრაინელმა სამხედროებმა ბელგოროდში ორი საზენიტო რაკეტით ჩამოაგდეს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი გარდაიცვალა.