* როტშილდების დინასტია -
მართალია, მე-20 საუკუნეში სწორედ როტშილდების გვარი ასოცირდებოდა სიმდიდრესა და ფუფუნებასთან, მაგრამ ახალ ასწლეულში დინასტიამ ბევრად ძლიერ კონკურენტებთან - როკფელერის, ფორდის, კარნეგისა და ვანდერბილტის კლანის წარმომადგენლებთან დათმო პირველობა, რომელთაც ბევრად სოლიდური კაპიტალი დააგროვეს. თუმცა, მათ შემთხვევაში ქონება მხოლოდ მატერიალური ფასეულობა აღმოჩნდა, მაშინ როცა როტშილდებისთვის სიმდიდრე ყოველთვის ბევრად მეტს - ისტორიას, პრესტიჟს და ძალაუფლებას, ერთობას და ოჯახურ სიმტკიცეს ნიშნავდა.
სწორედ როტშილდებმა მოახერხეს ნაპოლეონის გაცურება და თავი დააღწიეს ჰიტლერის სასტიკ რეჟიმს, გამართეს სარკინიგზო ინფრასტრუქტურა ევროპაში და გახსნეს გიგანტური ფაბრიკები სამხრეთ ამერიკაში, მათვე აამუშავეს ნავთობის ჭაბურღილები საჰარას უდაბნოში და ააგეს ჰიდროელექტროსადგური ნიუფაუნდლენდის კუნძულზე, დააფინანსეს ურანის საბადოების დამუშავება და ლა-მანშის ცნობილი გვირაბის მშენებლობა, მონაწილეობდნენ საქველმოქმედო ორგანიზაციების შექმნაში, სახელმწიფოების შენებასა და ხელისუფალთა დამხობაში, მოიპოვეს დიდგვაროვანთა ტიტულები და წარმატებით დაძლიეს კრიზისი, რომელსაც, როგორც ამბობენ, ნებისმიერი დინასტია განიცდის ყოველი რვა თაობის შემდეგ.
* მაიერ ამშელ როტშილდი -
დინასტიის ფუძემდებელი მაიერ ამშელ როტშილდი 1744 წლის 23 თებერვალს დაიბადა ფრანკფურტელი მევახშის მოზეს როტშილდის ოჯახში. მართალია, მაიერმა სამ ძმასთან ერთად ჩაიბარა მამის საქმე, მაგრამ მხოლოდ მისმა შთამომავლებმა შეძლეს უზარმაზარი ქონების დაგროვება და აღიარების მოიპოვება.
დედის მოთხოვნით, რომელიც შვილს რაბინის და ერთგვარი წინამძღოლის მისიას უწინასწარმეტყველებდა, მაიაერი ადრეული ბავშვობიდანვე გულდასმით სწავლობდა საღვთო კანონს, თუმცა ნაკლებად იზიარებდა დედის სურვილებს, რადგან მევახშე მამის საქმიანობით უფრო ინტერესდებოდა. მაიერი თითქმის 20 წელი ეხმარებოდა მამას, ოჯახური ბიზნესის საკუთარ ხელში აღების შემდეგ კი, 10 ახალი საკრედიტო სახლი გახსნა და არა მხოლოდ მამის პატივისცემა დაიმსახურა, არამედ წლიური შემოსავალიც გაზარდა რეკორდულ - 20 ათას მარკამდე.
მართალია, როტშილდებს ბრწყინვალე მევახშეების და შეძლებული ბიურგერების რეპუტაცია ჰქონდათ, მაგრამ თავად მაიერი არასდროს კმაყოფილდებოდა მიღწეულით. მეტიც, ძმებისგან განსხვავებით უმცროსი როტშილდი არც ძვირფასი ნივთების შეძენის, არც დასვენების უფლებას არ აძლევდა საკუთარ თავს, პირიქით, ყოველთვის თავდაუზოგავად შრომობდა, თავისუფალ დროს კი, ისევ დედის თხოვნით კითხულობდა ლოცვებს.
* დინასტიის მთავარი კანონი -
მამის ძველი ნაცნობის ქალიშვილზე დაქორწინებულ მაიერს 19 შვილი შეეძინა, თუმცა ცხრა ჩვილობის ასაკში დაიღუპა, ხუთ ვაჟიშვილს და ხუთ ქალიშვილს კი, გვართან და მემკვიდრეობასთან ერთად, ოჯახური ტრადიცია - ერთგვარი დაუწერელი კანონიც გადასცა, რომლის თანახმად მხოლოდ მამაკაცებს შეეძლოთ ოჯახური ბიზნესის მართვა, ქალბატონებს კი, საქმიან ცხოვრებაში ჩარევის უფლება არ ჰქონდათ.
მუდმივად კაპიტალის გაზრდითა და გამდიდრებით შეპყრობილი როტშილდისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა ძვირფასი მეტალებით დააგროვებდა ქონებას თუ ქაღალდის ბანკნოტებით, თუმცა სწრაფად მიხვდა, რომ ძალიან გაუჭირდებოდა ებრაული გეტოს საზღვრებით შეზღუდულს მიზნის მიღწევა, ამიტომ ‘’პატიოსანი მევახშის’’ რეპუტაციით და სოლიდური კაპიტალით უზრუნველყოფილმა დატოვა მშობლიური კვარტალი და ფრანკფურტის ცენტრში გადასახლებულმა გააგრძელა საქმიანობა.
* ბანკირი როტშილდი -
რა თქმა უნდა, მაიერ როტშილდის ეპოქაში ბანკი რადიკალურად განსხვავდებოდა თანამედროვე ფინანსური ორგანიზაციისგან, რადგან მე-18 საუკუნის „ბანკი“ ნებისმიერ საკრედიტო მაღაზიას გულისხმობდა, რომელიც საქონლის რეალიზაციასთან ერთად, შუამავლის ფუნქციასაც ასრულებდა კრედიტორსა და მსესხებელს შორის.
მართალია, პირველი ბანკი, რომელიც როტშილდმა ფრანკფურტის სავაჭრო კვარტალში, ნაცნობი მოვაჭრის მაღაზიის სარდაფში გახსნა, აბსოლუტურად განსხვავდებოდა დღეს არსებული საკრედიტო ორგანიზაციებისგან, რადგან მხოლოდ ფრანკფურტში, პარიზისა და პრაღის ნოტარიულ კანტორებში დამოწმებული ხელწერილების საცავს წარმოადგენდა, მაგრამ სწორედ ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო ხელწერილებით შეძლეს მაიერის შვილებმა უზარმაზარი ქონების დაგროვება.
* ფრანგი და ინგლისელი როტშილდები -
აღსანიშნავია, რომ დღეს როტშილდების დინასტია ორ - ინგლისურ და ფრანგულ კლანად იყოფა, თუმცა ამგვარი დაყოფა მხოლოდ პირობითია. მაიერმა თანაბრად გაუნაწილა შვილებს ბიზნესი, როცა ევროპის თითქმის ყველა მსხვილ ქალაქში გახსნილი „სავაჭრო სახლის“ მმართველობა გადააბარა, თუმცა მხოლოდ ინგლისელი და ფრანგი მემკვიდრეების წყალობით მოიპოვა როტშილდების დინასტიამ მსოფლიო გავლენა და ძალაუფლება, რომელიც არა მხოლოდ რიგით ობივატელებს, არამედ მონარქებსა და მსხვილ სახელმწიფო მოხელეებსაც საკუთარ პირობებს კარნახობდა.
მაიერ ამშელ როტშილდი 1812 წლის 19 სექტემბერს გარდაიცვალა და უზარმაზარ ქონებასთან ერთად რამდენიმე წესიც უანდერძა შთამომავლებს, რომელთაგან უმთავრესს - საკუთარი ქონების ზედმეტი აფიშირების გარეშე, მოკრძალებით ცხოვრების პრინციპს მისი მემკვიდრეები დღემდე მკაცრად იცავენ და შესაძლოა სწორედ ესაა მათი წარმატების მთავარი საიდუმლო, რადგან ძალაუფლების შენარჩუნების ერთადერთი გზა სწორედ თავმდაბლობა, ზომიერების გრძნობა და საქმის უხმაუროდ კეთებაა.
* ნათან როტშილდი -
1804 წელს ლონდონში გადაბარგებულმა ნათანმა - მაიერის ერთ-ერთმა ვაჟმა, რომელიც ყოველთვის მამის განსაკუთრებული სიყვარულითა და ნდობით სარგებლობდა, ჯერ ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობით გაზარდა საგვარეულო ქონება, მერე მემკვიდრეობით მიღებული ძვირფასეულობით, რომლის სარფიანად გასაყიდად ადგილობრივ იუველირს სამკაულზე ვინმე ბარონესა ჟენევა ვალუას სახელი დაატანინა და შთამბეჭდავი ისტორიაც მოიფიქრა, თითქოს ნაპოლეონის სისასტიკეს თავდაღწეული ბარონესა, იძულებული გახდა ქონება გაეყიდა. რა თქმა უნდა, ამგვარმა ლეგენდამ ისედაც ძვირფას სამკაულს დამატებითი ღირებულება შესძინა და ერთი-ორად გაამდიდრა უმცროსი როტშილდი სპონტანურად მოწყობილ აუქციონზე.
მოგვიანებით, ნათანმა მხოლოდ როტშილდებისთვის დამახასიათებელი გონებაგამჭრიახობა გამოიჩინა და ფასდაუდებელი სამსახური გაუწია პრინც ვილჰელმს, როცა ინგლისის ბანკში მისი ანგარიშიდან აღებული თანხით ნატურალური ქსოვილის დიდი პარტია შეიძინა და ევროპაში გაყიდა, მიღებული თანხით კი, პრინცის ვალიც გაისტუმრა და თვითონაც ფანტასტიკური მოგება ნახა. თუმცა, ფინანსურ მაქინაციებში ნაკლებად გარკვეულ პრინცს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მისი ფული ერთგვარ სესხად იქცა, რომელიც ბანკირმა ბრუნვაში ჩაუშვა და უზარმაზარი თანხა მოიგო, რადგან საქონლის დიდ პარტიასთან ერთად მნიშვნელოვანი ფასდაკლებაც მიიღო, ნაღდი ფულით ანგარიშსწორებამ კი, დამატებითი შეღავათი მისცა.
აღსანიშნავია, რომ როტშილდი ყოველთვის ინგლისის ბანკში სესხულობდა ფულს, ვალს კი, დეპეშით აბრუნებდა, ვალუტის კურსის სხვაობით მდიდრდებოდა და არასდროს იხდიდა სესხის პროცენტს. მართალია, როტშილდმა რამდენჯერმე და საკმაოდ წარმატებით განახორციელა ბამბისა და შალის გაყიდვის ოპერაცია, მაგრამ მისი საქმიანობა მხოლოდ ვაჭრობით არ შემოიფარგლებოდა.
ნაპოლეონის კარისთვის არასასურველი და საფრანგეთიდან გაქცეული დიდგვაროვნები მეტწილად სწორედ ბრიტანეთს აფარებდნენ თავს, სადაც არისტოკრატული ცხოვრების წესს შეჩვეულები ისევ ფუფუნებასა და კომფორტით ცხოვრობდნენ. შეძლებული ევროპელები მხოლოდ გართობაზე ფიქრობდნენ, მთელ დროს ბანქოს თამაშში ატარებდნენ და ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მალე მთელი მათი ქონება ლონდონელი ბანკირებისა და მევახშეების ხელში აღმოჩნდა. არ ჩამორჩა დანარჩენებს არც ნათან როტშილდი, რომელმაც ლონდონის ცენტრში სამი საკრედიტო კანტორა გახსნა, თუმცა კონკურენტებისგან განსხვავებით ფსონების გამოსყიდვის დაბალი პროცენტი დააწესა და მალე ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული მევახშე გახდა.
* ომით დაგროვილი კაპიტალი -
1800-იანი წლების ომმა ნაპოლეონს არა მხოლოდ მეზობელი ქვეყნების ჯარებთან, არამედ შეძლებული ევროპელების კერძო კაპიტალთანაც აიძულა ბრძოლის გამართვა. ფინანსების დიდი ნაწილი სწორედ როტშილდებს ეკუთვნოდათ და მართალია, ბონაპარტემ 500 ათასი ფრანკი დააწესა ძმების ლიკვიდაციაში, მაგრამ მაინც ვერ შეძლო მათი დამარცხება, რადგან მსოფლიო პოლიტიკაში კარგად გარკვეულმა როტშილდებმა ომიც საკუთარ ფინანსურ მოგებად აქციეს.
პირველმა სწორედ ნათანმა მოახერხა ფულის შოვნა, როცა მოკავშირე ქვეყნებს საკვებ პროდუქტთან ერთად დაბალი სინჯის ოქროც მიჰყიდა და მთელი 15 მილიონი ფუნტით გამდიდრდა. მართალია, მის მიერ მიწოდებული საქონლის ფასი მნიშვნელოვნად აღემატებოდა რეალურ ღირებულებას, მაგრამ მოკავშირეები მაინც მასთან ამჯობინებდნენ საქმის დაჭერას.
როტშილდებმა საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე შეაფასეს სიტუაცია და ნაპოლეონის მარცხში დარწმუნებულებმა მოკავშირეებს დაუჭირეს მხარი. აქტიურად შეუდგნენ მათთან თანამშრომლობას და ჯერ საკუთარი კაპიტალის დაბალი პროცენტით გასესხებით, მერე ინგლისის, იტალიისა და რუსეთის ფინანსური მხარდაჭერით, არა მხოლოდ ევროპის წამყვანი პოლიტიკოსების პატივისცემა დაიმსახურეს, არამედ ყველა სახელმწიფო დაკვეთის შესრულებაც საკუთარ თავზე აიღეს. იარაღით მომარაგებას ნათანი ხელმძღვანელობდა, საკვებით ჯეიმსი და სოლომონი უზრუნველყოფდნენ, ღვინოს კი - კარლი და მაიერი აწვდიდნენ. ძმებმა რამდენიმე მსგავსი ოპერაცია განახორციელეს და დიდი ხნით აქციეს მოკავშირეები საკუთარ მევალეებად, მეტიც, ძველ კრედიტორებს მალე, კიდევ 12 ქვეყანა შეუერთდა, რომელთა ვალმა ომის დასრულების შემდეგ 70 მილიონ ფუნტს გადააჭარბა.
* წარმატებული თაღლითობა -
ნათანის გრანდიოზულ წარმატებად ჩაითვალა ერთგვარი საბირჟო თაღლითობაც, რომელიც ვატერლოოს ბრძოლის დღეს განახორციელა. როტშილდმა საკუთარი თვალით ნახა მოკავშირეთა არმიის მიერ ნაპოლეონის ჯარის განადგურება, თუმცა ლონდონში დაბრუნებული, მეტად დამწუხრებული სახით გამოეცხადა ინფორმაციის მოლოდინში ბირჟაზე შეკრებილ ბანკირებს, რომელთაც ნათანის პესიმიზმი ავად მომასწავებელ ნიშნად ჩათვალეს და დამარცხებით შეშინებულმა, მათი აზრით გაუფასურებული აქციების გაყიდვა დაიწყეს. საქმოსნებმა თავისდაუნებურად პირდაპირ როტშილდის ფარულ აგენტებს მიჰყიდეს ფასიანი ქაღალდები და ერთი-ორად გაზარდეს მისი კაპიტალი. სხვათა შორის, 100 წლის შემდეგ გინესის რეკორდების წიგნში ნათან როტშილდი სწორედ გენიალური ფინანსისტის სტატუსით შევიდა, რომელმაც სულ რამდენიმე საათში განახორციელა 200-მილიონიანი ფუნტი სტერლინგის გარიგება.
თითქმის ორი საუკუნის შემდეგ, ამჯერად მეორე მსოფლიო ომი გახდა როტშილდებისთვის ფულის შოვნის საუკეთესო საშუალება, როცა დეფიციტური სამომხმარებლო საქონლის კონტრაბანდითა და უკანონო ვაჭრობით კიდევ უფრო გაიზარდა ოჯახის კაპიტალი.
როტშილდები ნებისმიერ საომარ კონფლიქტში უზრუნველყოფდნენ დაპირისპირებულ მხარეებს საჭირო საქონლით, რადგან ტვირთს ‘’წითელი ჯვრის’’ ემბლემით არავინ ამოწმებდა. სწორედ ამგვარი იმუნიტეტი დაეხმარა მათ შავ ბაზარზე საქმის წარმოებასა და საქონლის წარმატებით გასაღებაში, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ომისა და ეკონომიკური კრიზისის დროს, როცა მსხვილი ქვეყნები ბანკროტად აცხადებდნენ საკუთარ თავს, როტშილდები პირიქით, მხოლოდ ავსებდნენ ოჯახის კაპიტალს.
* მემკვიდრეები -
„ოქროს თაობად“ წოდებული როტშილდები დინასტიის არანაკლებ ღირსეულმა წარმომადგენლებმა შეცვალეს, რომლებიც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში შექმნილი მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელობით, საუკუნეების მანძილზე აკონტროლებენ ფინანსურ სამყაროს. სწორედ როტშილდების ხელშეწყობით შეიქმნა შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო ფონდი და როგორც ამბობენ, მათივე ხელი ურევია ამერიკის სამი პრეზიდენტის, მათ შორის აბრაამ ლინკოლნის მკვლელობაში, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ფედერალური ფონდის შექმნას.
მართალია, როტშილდები ყოველთვის ჩრდილში არიან, არასდროს აწყობენ საჯარო გამოსვლებს და უხმაუროდ საქმიანობენ, მაგრამ მათი გავლენა მაინც ყველა სფეროში იგრძნობა. დღეს მათ შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი, როტშილდები მეტწილად ინგლისში, შვეიცარიასა და საფრანგეთში აწარმოებენ საკუთარ ბიზნესს, კაპიტალი კი, დაუზუსტებელი ინფორმაციით დაახლოებით 9 ტრილიონ დოლარს შეადგენს.