* სკანდალური კლიპები, რომელთაც ფართო რეზონანსი გამოიწვიეს -
მუსიკოსები, რომლებიც შეგნებულად იქმნიან ეპატაჟურ იმიჯს, ხშირად ანგრევენ სტერეოტიპებს და მორალურ ნორმებს, თუმცა საზოგადოების გამოწვევას და სკანდალის მოწყობას არა იმდენად საკუთარი კომპოზიციების ჟღერადობით, რამდენადაც ვიზუალური ეფექტებით ცდილობენ.
რა თქმა უნდა, კამათი შემოქმედებასა და მისი გამოხატვის ფორმებზე არასდროს დასრულდება, რადგან ეპოქისა და ცხოვრების წესის მიუხედავად,ყოველთვის იქნება ცენზურა, საზოგადოებრივი აზრი და უამრავი სხვა ‘’რეგულატორი’’, რომელიც საერთო სტანდარტებს და შეზღუდვებს განსაზღვრავს.
მოულოდნელად გააქტიურდა ცენზურა გასული საუკუნის ბოლოსაც, როცა განსაკუთრებით აქტუალური გახდა კლიპების აკრძალვა სხვადასხვა მიზეზით - გადაჭარბებული ძალადობით და ეროტიკული სცენებით დაწყებული, პოლიტიკური მოწოდებებით და არაეთიკური გამოთქმებით დასრულებული, თუმცა 1990-იან წლებში დაწყებული სკანდალები დღესაც გრძელდება, ისე როგორც დისკუსია - რამდენად გამართლებულია აკრძალვა, რადგან ბევრის აზრით, სოციუმის ერთი ნაწილის მორალური ფასეულობების დაცვისას, ყოველთვის მეორე ნაწილის უფლებები და თავისუფლება იზღუდება.
* Black Or White - მაიკლ ჯექსონი -
პოპ-მუსიკის მეფის, მაიკლ ჯექსონის კლიპის Black Or White პრემიერა 1991 წელს შედგა. ცნობილმა რეჟისორმა ჯონ ლენდისმა, რომელმაც მანამდე არაჩვეულებრივი ფილმები ‘’ძმები ბლუზები’’, ‘’ადგილების გაცვლა’’ და ‘’მოგზაურობა ამერიკაში’’ დადგა, ბრწყინვალედ განახორციელა მუსიკოსის ჩანაფიქრი და პრაქტიკულად სრულფასოვანი მოკლემეტრაჟიანი ფილმი შექმნა მოზარდი მაკოლაი კალკინისა და ტაირა ბენქსის მონაწილეობით.
მართალია, 11-წუთიანი ვიდეო სოციალური და რასობრივი თანასწორობისკენ მოწოდებად იყო ჩაფიქრებული, მაგრამ ბოლო ოთხმა წუთმა მაინც ფართო დისკუსია გამოიწვია, რადგან ფინალურ ეპიზოდში ჯერ შავი პანთერა გამოჩნდა, რომელიც მაიკლ ჯექსონად გარდაისახა, მერე თავად მუსიკოსი, რომელმაც განსაკუთრებული ემოციურობით შეასრულა ცეკვა მუსიკის გარეშე, თუმცა ჩვეული, ზოგჯერ ზედმეტად გამომწვევი ილეთებით. პროვოკაციული აღმოჩნდა კლიპის ფინალიც, რომელშიც ჯექსონმა ჯერ მანქანის ფანჯრები ჩაამტვრია, მერე სასტუმრო ააფეთქა.
მართალია, მუსიკოსმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში და განმარტა, რომ ამგვარი პერფორმანსით მას მხოლოდ ცხოველური ინსტინქტის გადმოცემა სურდა, მაგრამ MTV-მ მაინც შემოკლებული ვერსიით გადაწყვიტა ვიდეოს გაშვება და მხოლოდ რამდენი წლის შემდეგ შესთავაზა პუბლიკას კლიპის სრული ვერსია.
* Just Lose It - ემინემი -
ცხარე კამათი გამოიწვია ვიდეორგოლმაც ემინემის თრეკზე Just Lose It. მეტიც, ამერიკულმა საკაბელო არხმა BET-მა კატეგორიულად აკრძალა ვიდეოს გაშვება, თუმცა MTV-მ არა უბრალოდ მოიწონა რეპერის ნამუშევარი, არამედ ‘’ყველა დროის საუკეთესო რეპ-კლიპის’’ ტიტულიც მიანიჭა.
ემინემის შემოქმედება ყოველთვის ინდივიდუალურობით ხასიათდებოდა, რადგან მუსიკოსი ნებისმიერ პრობლემას - რასიზმითა და ძალადობით დაწყებული, გენდერული თანასაწორობით დასრულებული, მხოლოდ მისთვის ჩვეულ სტილში - ხუმრობითა და პაროდიით განიხილავდა, თუმცა მუდმივად აბსურდის, ამორალურობის ზღვარზე ბალანსირებდა და სწორედ ასე ამძაფრებდა ადამიანების უზნეო მოქმედებით გამოწვეულ აღშფოთებას.
მუსიკოსი თამამად აქილიკებდა მისთვის მიუღებელ მოვლენებს, რაც მეტწილად პუბლიკის მწვავე რეაქციას, ზოგჯერ ბრაზსა და აგრესიას იწვევდა. ანალოგიური შეფასება დაიმსახურა კომპოზიციაზე Just Lose It შექმნილმა ვიდეომაც, რომლის მთავარი გმირი მაიკლ ჯექსონის პროტოტიპი გახდა. პაროდიული პერსონაჟი ჯერ ცხვირს კარგავს საცეკვავო მოედანზე, მერე თმაზე ცეცხლწაკიდებული დარბის, ბოლოს კი, კომფორტულად ეწყობა წითელ საწოლზე მხიარულად მოთამაშე ბავშვების გარემოცვაში.
ემინემმა ერთგვარი ირონიითა და პაროდიით გამოხატა საკუთარი დამოკიდებულება იმ პიკანტური თემების მიმართ, რომლებიც საჯაროდ ნაკლებად, თუმცა აქტიურად განიხილებოდა კულუარებში და სწორედ ზედმეტი პირდაპირობით აღაშფოთა პუბლიკა, თუმცა მუსიკოსის ფანებმა კლიპი რეალობისა და იუმორის იდეალურ შერწყმად მიიჩნიეს და ისევე მოიწონეს, როგორც მისი ყველა ნამუშევარი.
* Body Language და I Want to Break Free – Queen –
მართალია, დღეს ბევრს გააკვირვებს MTV-ის გადაწყვეტილება, რომელმაც უარი თქვა კომპოზიციაზე Body Language შექმნილი ვიდეოს ეთერში გაშვებაზე, მაგრამ სწორედ Queen-ის ნამუშევარი გახდა პირველი კლიპი, რომელიც მუსიკალურმა არხმა აკრძალა. 1982 წელს, როცა ვიდეო გამოვიდა, საზოგადოება ბევრად განსხვავებული მორალური სტანდარტებით ხელმძღვანელობდა, ამიტომ ქალისა და მამაკაცის შიშველი ფიგურები, ეროტიკული სცენები და მკვეთრი აქცენტი ადამიანის სხეულზე, MTV-ს, რომელიც 1980-იან წლებში იშვიათი თავშეკავებით გამოირჩეოდა, ზედმეტად პროვოკაციულად მოეჩვენა.
ტაბუ დაედო Queen-ის კიდევ ერთ კლიპს საკულტო კომპოზიციაზე I Want to Break Free. ვიდეოში, რომელიც პოპულარული ბრიტანული სერიალის ‘’კორონაციის ქუჩის’’ პაროდიად შეიქმნა, ჯგუფის წევრებმა არა მხოლოდ ტელენოველის პერსონაჟები გააშარჟეს, არამედ ქალის ამპლუაც მოირგეს, თუმცა, მუსიკოსების იუმორი არც MTV-მ გაიზიარა, არც კონსერვატორულმა ბრიტანულმა საზოგადოებამ, რომელსაც ზედმეტად უხამსად მოეჩვენა ამგვარი გარდასახვა.
* Justify My Love - მადონა -
მადონას ეპატაჟური სტილი და პროვოკაციული კომპოზიციები ყოველთვის აზრთა სხვადასხვაობას და კამათს იწვევდა. ცხარე დისკუსიის მიზეზი გახდა 1990 წელს გამოსული კლიპიც, რომელიც სინგლისთვის Justify My Love შექმნა და პრაქტიკულად იმ ეპოქის ყველა მორალური ნორმა დაარღვია. მართალია, კლიპი აშკარა სექსუალური შინაარსით კატეგორიულად აკრძალა MTV-მ, მაგრამ შავ-თეთრმა ვიდეომ, რომელზეც ცნობილმა ფოტოგრაფმა და რეჟისორმა ჟან-ბატისტ მონდინომ იმუშავა და ბრწყინვალედ გადმოსცა ადამიანის სექსუალურობა, ვნება და სხეულის ესთეტიკა, არა მხოლოდ მადონას ფანების, არამედ ზოგადად პუბლიკის მოწონება დაიმსახურა.