აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თურქეთის პარლამენტის მიერ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერას მიესალმება. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა. მისივე თქმით, აშშ-ი ელოდება, რომ თურქეთის პრეზიდენტი ამ პროცესის ბოლომდე მისაყვანად ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს. ამასთან, როგორც პატელმა აღნიშნა, თურქეთის გადაწყვეტილების მიუხედავად, პროცესი ჯერ არ არის დასრულებული და აშშ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირების პროცესს უნგრეთისგანაც ელოდება. 24 იანვარს თურქეთის დიდმა ეროვნულმა ასამბლეამ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. პარლამენტის გადაწყვეტილების ძალაში შესასვლელად რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმოწერაა საჭირო. ახლა კი უნგრეთი არის ერთადერთი წევრი ქვეყანა, რომელსაც შვედეთის გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება ჯერ არ განუხორციელებია.