გარდიანის ინფორმაციით, იემენელი „ჰუსიტები“ არასამთავრობო ორგანიზაციებში მომუშავე აშშ-ისა და ბრიტანეთის მოქალაქეებს იემენის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებენ. გამოცემის ცნობით, „ჰუსიტები“ მოითხოვენ, რომ გაერო-სა და იემენის დედაქალაქში მომუშავე სხვა ჰუმანიტარული ორგანიზაციების ამერიკელმა და ბრიტანელმა თანამშრომლებმა ქვეყანა ერთი თვის ვადაში დატოვონ. საგანგებო წერილში მეამბოხეები უცხოურ ორგანიზაციებს მოუწოდებენ, რომ იემენში სამუშაოდ აშშ-ისა და ბრიტანეთის მოქალაქეები აღარ აიყვანონ. ცნობისთვის, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა იემენელი „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე დარტყმები რამდენჯერმე მიიტანეს. იერიშები მას შემდეგ განხორციელდა, რაც „ჰუსიტებმა“ წითელ ზღვაში მცურავ სავაჭრო გემებს ცეცხლი გაუხსნეს და საერთაშორისო მნიშვნელობის სავაჭრო დერეფანს საფრთხე შეუქმნეს. „ჰუსიტების“ თქმით, ისინი ამგვარად პალესტინელ ხალხს უცხადებენ სოლიდარობას და ღაზის სექტორში სამხედრო მოქმედებების შეჩერებას მოითხოვენ.