საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყანა რუსეთის მიერ უკრაინაზე 23 იანვარს განხორციელებულ თავდასხმას გმობს. სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ საფრანგეთი უკრაინას საბრძოლო შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად შეიარაღებას სწრაფად მიაწვდის. პარალელურად, უკრაინული მედიის ცნობით, გერმანია ქვეყანას Sea King Mk 41-ის ტიპის სამხედრო ვერტმფრენებს პირველად გადასცემს. მედის ცნობითვე, გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა პირობა დადო, რომ უკრაინას მრავალფუნქციურ 6 ვერტმფრენს, სათადარიგო ნაწილების ნაკრებთან ერთად მიაწვდის. მანამდე, რამშტაინის რიგით მე-18 შეხვედრაზე, კიევისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი კანადამაც გამოაცხადა. დაახლოებით 15 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი 10 გასაბერ ნავს მოიცავს. ნავები უკრაინას სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში, ჯარისკაცების და ტვირთების ტრანსპორტირებაში, ასევე, თვალთვალისა და დაზვერვის განხორციელებაშიც დაეხმარება.