აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კაკიაშვილების ოჯახის გამოსახლება, რომელსაც დღეს აპირებდა, დროებით გადადო. როგორც აღსრულების ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, მიზეზი არის ის, რომ ოჯახი სოციალურად დაუცველია და სახლში 2 არასრულწლოვანი ცხოვრობს. მათი განმარტებით, აღსრულების ბიურო გააგრძელებს მხარეებთან კომუნიკაციას, რომ შეთანხმება შედგეს. მიუხედავად გადაწყვეტილებისა, ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები და ოჯახის მხარდამჭერები დაშლას არ აპირებენ. ისინი ფიქრობენ, რომ გამოსახლების პროცედურის გადადება მათ გამარჯვებას და ხელისუფლების მარცხს ნიშნავს. ოჯახი ამბობს, რომ გამოსახლების გადადება მოქალაქეების პროტესტმა გამოიწვია და უწყება სიტუაციის გამწვავებას მოერიდა. ბინის მეპატრონე, მარიამ კაკიაშვილი აცხაებს, რომ მზადაა, დაფაროს აღებული ფინანსური ვალდებულება, თუმცა ამისთვის დრო სჭირდება.