2023 წელს საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან მიღებული შემოსავალი 42,1%-ით გაიზარდა. ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით, 2023 წელს ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან დაახლოებით 182 მილიონი ლარი შევიდა, 2022 წელს კი 128 მილიონი ლარი. ცნობისათვის, საქართველოს საზღვარზე სატრანზიტო ტრაილერებისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელი 350 ლარს შეადგენს. აღნიშნული ტარიფი 2022 წლის 20 ივნისიდან მოქმედებს. მანამდე მძღოლებს 200 ლარის გადახდა უწევდათ. შესაბამისად, გამოდის, რომ 2023 წელს საქართველოს დერეფანი 519 997 სატვირთომ გადაკვეთა. ბიუჯეტში შემოსავლების მატება კი გამოიწვია როგორც საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გადაადგილებული სატვირთოების ზრდამ, ასევე გაძვირებულმა გზათსარგებლობის საფასურმა. თუ სხვა წლების მაჩვენებელს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ 2023 წელს საქართველომ სატრანსპორტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან რეკორდული შემოსავალი მიიღო. ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით 2022 წლის მონაცემი უკვე გაგაცანით, როცა ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან დაახლოებით 128 მლნ ლარი შევიდა, 2021 წელს - 66 მლნ ლარზე ცოტა მეტი, 2020-ში ეს მაჩვენებელი 63 მლნ ლარი იყო, 2019 -ში კი 59 მლნ.