გასულ წელს, ავტომობილების იმპორტმა ყველა დროის რეკორდი მოხსნა. საქსტატის მონაცემებით, შარშან საქართველომ 3 მილიარდ 162 მილიონი დოლარის ღირებულების 209 926 ერთეული მსუბუქი ავტომობილი იყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 84,5%-ით მეტია.
რეკორდული - 134,8%-იანი ზრდა დაფიქსირდა რეექსპორტის მიმართულებითაც. კერძოდ, 2023 წელს საქართველოდან გავიდა 2 მილიარდ 126 მილიონი დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილი, წინა წელს კი 905 მლნ დოლარის ღირებულების. ყველაზე მეტი ავტომობილი შემოვიდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, თითქმის 2 მილიარდი დოლარის ღირებულების, შემდეგ მოდიან იაპონია, გერმანია, თურქეთი და კორეა. საქართველოდან კი ყველაზე მეტი ავტომობილი გავიდა ყურგიზეთში, ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. მსუბუქი ავტომობილების იმპორტის რეკორდული ნახტომი, დიდი ალბათობით უკავშირდება მთავრობის მიერ 2023 წლის ივნისში მიღებულ დადგენილებას, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული მსუბუქი ავტომობილების იმპორტი აიკრძალა. გამონაკლისი დაიშვა ამ ასაკის მხოლოდ იმ ავტომობილებზე, რომლებიც 2023 წლის 1-ელ დეკემბრამდე ჩაიტვირთა კონტეინერში, თუმცა 1-ელ იანვრამდე ქვეყანაში ჩამოსვლა ვერ მოასწრო. ამასთან, აკრძალვა არ ეხებათ იმ ძველ ავტომობილებს, რომლებიც რეექსპორტზე გავა ისეთ ქვეყანაში, სადაც ჯერ კიდევ არ არის მიღებული ევრო 5 სტანდარტი.