გასული წლის განმავლობაში, ქვეყანაში 4000 ზე მეტი, უცხოეთში უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს მოქალაქე დააბრუნეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეადმისიის ფარგლებში უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უკან დაბრუნების 2023 წლის სტატისტიკა გამოაქვეყნა. როგორც ოფიციალური მონაცემებიდან ირკვევა, საანგარიშო პერიოდში ჯამში საქართველოს 4 365 მოქალაქის რეადმისია განხორციელდა. შედარებისთვის, 2022 წელს ეს მაჩვენებელი - 3 034 იყო, 2021 წელს კი - 2 547. რაც შეეხება ქვეყნებს, უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს ყველაზე მეტი - 2 771 მოქალაქე გერმანიიდან დააბრუნეს, საფრანგეთიდან -635; ხოლო საბერძნეთიდან - 175. შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება 2011 წლის 1-ელ მარტს ამოქმედდა. შეთანხმების საფუძველზე ხდება ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საქართველოში დაბრუნება. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მესამე ქვეყნების მოქალაქეთა საქართველოში დაბრუნებას, შეთანხმებით დადგენილი პირობების საფუძველზე. შეთანხმების შესაბამისად, რეადმისიასა და ტრანზიტთან დაკავშირებულ ყველა სატრანსპორტო ხარჯს საბოლოო დანიშნულების სახელმწიფოს საზღვრამდე აანაზღაურებს მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო.