საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანის მცდელობა - ასე აფასებს ოპოზიცია ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას, საჯარო მოხელეების ქონებრივი დეკლარაციების შესწავლის შესახებ. სია 300-კაციანია და მასში უმაღლესი რანგის საჯარო მოხელეები, პარტიული ლიდერები და მოსამართლეები არიან. მათ შორისაა პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და თბილისის მერი- კახა კალაძე. პროექტის მიზანი კორუფციასთან ბრძოლა და ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებაა, თუმცა ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ამ ქმედებით ივანიშვილის გუნდი რეკომენდაციების შესრულების იმიტაციას ცდილობს. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებები ობიექტური ვერ იქნება, რადგანაც მისი ხელმძღვანელი სულ ცოტა ხნის წინ თავად ირაკლი ღარიბაშვილმა დანიშნა. „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ ოპოზიციამ 10 დღის წინანდელი ახალი ამბავი მსოფლიო ბანკის პოზიტიური შედეგების გადასაფარად შემოინახა. მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველო მექრთამეობის შემთხვევების სიმცირით ევროპის საუკეთესო ათეულშია.