ისრაელმა “ჰამასს” ცეცხლის 2 თვის განმავლობაში შეწყვეტა შესთავაზა, - ინფორმაციას გამოცემა Axios-ი ორ ისრაელელ ჩინოვნიკზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელთა ვინაობას არ ასაჯაროებს.
გამოცემა წერს, რომ ეს იქნება ცეცხლის შეწყვეტის ყველაზე გრძელი პერიოდი, რომელიც ისრაელმა „ჰამასს“ ომის დაწყების შემდეგ შესთავაზა.
Axios-ის ინფორმაციით, ისრაელის წინადადება მოიცავს ყველა დარჩენილი მძევლის გათავისუფლებას და მძევლების ცხედრების დაბრუნებას ისრაელში დაპატიმრებული პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ.
შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ისრაელის მიერ მოსახლეობის მთავარი ცენტრებიდან თავისი ძალების გაყვანას, რაც პალესტინელ მშვიდობიან მოქალაქეებს საშუალებას მისცემს დაბრუნდნენ ქალაქ ღაზასა და ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში.