გასულ კვირაში აშშ-ში მეტეოროლოგიური პირობების გამო 92 ადამიანი დაიღუპა. შტორმისა და ქარბუქის გამო, სულ მცირე, 25 ადამიანი ტენესის შტატში დაიღუპა, 16 კი – ორეგონში, სადაც ამ დრომდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. უამინდობის გამო მსხვერპლია მისისიპის, ილინოისის, პენსილვანიის, ვაშინგტონის, ასევე, კენტუკის, უისკონსინის, ნიუ იორკისა და ნიუ ჯერსის შტატებშიც. ორეგონის ქალაქ ორტლენდში, სადაც ქარმა ელექტროსადენები დააზიანა, სამი ადამიანი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა. ქვეყნის მასშტაბით ათობით ათას ადამიანს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. მეტეოროლოგების პროგნოზით, უახლოეს დღეებში ჰაერის ტემპერატურის მატება და წვიმაა მოსალოდნელი, რამაც ქვეყნის შუა დასავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, შესაძლოა, წყალდიდობა გამოიწვიოს.