ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება და ისრაელი ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციას კიდევ უფრო მეტად აძლიერებს. “ჰამასი” მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ომის შეწყვეტას ითხოვს. ისრაელის პრემიერ მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ის ტერორისტული დაჯგუფების მოთხოვნას არ მიიღებს. „ჰამასმა“ მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, ომის შეწყვეტასთან ერთად, პალესტინელი ტყვეების გათავისუფლება და ღაზადან ისრაელის ჯარების გაყვანა მოითხოვა. ნეთანიაჰუ აღნიშნავს, რომ თუ ისრაელი ამ პირობას დათანხმდება, საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებას ვეღარ დაიცავს. ამავდროულად, ევროკავშირის მინისტერიალზე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები განიხილეს. შეხვედრაზე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე, არაბული და მუსლიმური ქვეყნების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ღაზაში არსებული ჰუმანიტარული ვითარება უკიდურესად მძიმეა. მისივე თქმით, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარება მხოლოდ ორი სახელმწიფოს არსებობის პრინციპითაა შესაძლებელი.