„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ შეკრებისა და მანიფესტაციების მონიტორინგის შესახებ შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში მიმოიხილავს გასული წლის განმავლობაში აქციების მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ უფლებადარღვევებს და მთავარ გამოწვევებს.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის შეფასებით, პრობლემური საკითხია სამოქალაქო აქტივისტების დაკავება და ადამიანებისთვის შეკრებისა და გამოხატვის უფლების შეზღუდვა.
„როდესაც პოლიციელების საჭიროება არსებობს აქციაზე, რომ სათანადოდ უნდა იყვნენ წარმოდგენილი, ისინი არ ჩანან, არ აქტიურობენ, ხოლო იმ დროს, როცა რამდენიმე ადამიანი მშვიდობიანად ატარებს აქციას, ვხედავთ არასათანადო რაოდენობით პოლიციელების მობილიზებას. ამის ერთ-ერთი მაგალითი არის ბექა გრიგორიადისი. ზოგადად, ეს აქცია გამოირჩეოდა დარღვევების კასკადით. ფაქტობრივად, ერთკაციან აქციაზე წარმოდგენილი იყო პოლიციის დიდი რაოდენობა, დაახლოებით 60-მდე სამართალდამცველი დავთვალეთ. გარდა ამისა, მას არ აძლევდნენ კარვის გაშლის უფლებას. ეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კუთხით. გარდა ამისა, ვნახეთ, რომ სხვა აქციების დროსაც ხელისუფლებას აქვს უკანონო რეაქცია, როდესაც მოქალაქეებს კარვის გაშლის უფლებას არ აძლევენ. ასევე, ძალიან შემაშფოთებელია სამოქალაქო აქტივისტების დაკავებები",- განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.
მისი განმარტებით, ასევე პრობლემური საკითხია დაკავებული ადამიანების მიმართ მოპყრობის საკითხი, რადგან ალეკო ცქიტიშვილის განმარტებით, მათ დროულად არ აძლევენ როგორც ადვოკატთან, ასევე ოჯახთან დაკავშირების საშუალებას.
„ასევე, პრობლემაა ის, როდესაც აქციებზე ვხედავთ უფორმო "პოლიციელებს", რომლებიც არ არიან იდენტიფიცირებული და გაუგებარია, თუ რა როლს ასრულებენ",-განაცხადა ცქიტიშვილმა.
ის მიიჩნევს, რომ აღნიშნულმა პრობლემებმა შესაძლოა, უარყოფითი გავლენა იქონიოს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციაზე.
„ადამიანის უფლებათა ცენტრი" აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად საქართველოს პარლამენტს რეკომენდაციებით მიმართავს.
„კანონშემოქმედებითი უფლებამოსილების განხორციელებისას თავი შეიკავოს შეკრების თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვების დაწესებისგან;
შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების მარეგულირებელი კანონმდებლობის მიღების, ანდა ასეთ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანისას გაითვალისწინოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა და საერთაშორისო სტანდარტები.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს: ეფექტურად უზრუნველყოს ყველა მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა;
არ დაუშვას საქართველოს კონსტიტუციით დაცული შეკრების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა და მისცეს აქციის მონაწილეებს შესაძლებლობა, დაუბრკოლებლად განათავსონ და გამოიყენონ კარავი პროტესტის გამოსახატად;
შეკრებისა და მანიფესტაციის ფასილიტაციის პროცესში უზრუნველყოს ფორმიანი და იდენტიფიცირებადი პოლიციელების მონაწილეობა;
შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს უზრუნველყოს პოლიციელთა პროპორციული რაოდენობის მობილიზება;
უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრებების მონაწილეთა დაცვა კონტრდემონსტრანტებისგან;
საპროტესტო აქციის სპეციალური საშუალებებით დაშლისას დაიცვას ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნები და საერთაშორისო სტანდარტები;
სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა წარმომადგენლებმა გასცენ წინასწარ გაფრთხილება და აქციის მონაწილეებს მისცენ გონივრული დრო დაშლისათვის;
უზრუნველყოს სპეციალური საშუალებების გამოყენება პროპორციული ძალის პრინციპის შესაბამისად, მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევებში;
გადაამზადოს სამინისტროს თანამშრომლები სპეციალური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით და უზრუნველყოს სპეციალური საშუალებების გამოყენება შსს-ს მინისტრის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციების შესაბამისად.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:
უზრუნველყოს სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებასთან, საპროტესტო აქციის მონაწილე აქტივისტების მიმართ ჩადენილ ძალადობასთან ანდა არაპროპორციული ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული შემთხვევების დროული, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება“, - ნათქვამია რეკომენდაციებში.