ანტიკორუფციული ბიურო საქართველოს მთავრობის წევრების, დეპუტატების, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ქონებრივი დეკლარაციების შემოწმებას გეგმავს. უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში, ბიურომ, საერთო ჯამში, 300-ი თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმების გადაწყვეტილება მიიღო. უწყების ცნობით, მათ შორის, ბიურო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის, მინისტრთა კაბინეტის წევრების, მათი მოადგილეებისა და პარლამენტის დეპუტატების, ასევე, თბილისის მერის, კახა კალაძის ქონებრივი დეკლარაციებითაც დაინტერესდება.