ბათუმის ოთხი დიდი სავაჭრო ცენტრიდან მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა. „მეტრო სითის“, „გრანდ მოლის“, „ბათუმი პლაზასა“ და „ბათუმი მოლის“ ტერიტორია თანამშრომლებს და იქ მყოფ მოქალქეებს 18:00 საათის შემდეგ პოლიციის მითითებით დაატოვებინეს. ევაკუაცია შენობებში ასაფეთქებელი მოწყობილობების არსებობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ განხორციელდა. გუშინ გამნაღმველები მუშაობდნენ ბათუმის აეროპორტშიც, სადაც სახიფათო ვითარების შესახებ შევიდა შეტყობინება, თუმცა განგაში ცრუ აღმოჩნდა. მომხდართან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ 21 იანვარს, მიიღეს შეტყობინება ქალაქ ბათუმში სხვადასხვა ლოკაციაზე შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესახებ. მიღებულ შეტყობინებებთან დაკავშირებით, სპეციალური ღონისძიებები იქნა გატარებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბათუმის სავაჭრო ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებში, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა. ამ ეტაპზე მოპოვებული ოპერატიული მონაცემების ანალიზით, შეტყობინებები ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესახებ განხორციელდა ქვეყნის ფარგლებს გარედან, სადაც მიზანმიმართულად მითითებული იქნა არასრულწლოვანი საქართველოს მოქალაქის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომერი. გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე მიმდინარეობს.