დასავლეთ ერაყში განთავსებულ ავიაბაზაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად რამდენიმე ამერიკელი სამხედრო დაშავდა. აშშ-ის სამხედრო ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ირანის მიერ მხარდაჭერილმა გასამხედროებულმა დაჯგუფებამ ალ-ასადის ავიაბაზას, სადაც ამერიკული ჯარები არიან განთავსებული, ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო დაჯგუფებამ, რომელიც თავს ერაყის ისლამურ წინააღმდეგობას უწოდებს. თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ერთი ერაყელი სამხედრო დაიჭრა და რამდენიმე ამერიკელმა სამხედრომ თავის ტვინის ტრავმული დაზიანებები მიიღო. ისრაელ-ჰამასის კონფლიქტის დაწყების შემდეგ ირანის მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა ერაყსა და სირიაში აშშ-ის პოზიციებს რამდენჯერმე დაარტყეს.