ჰამბურგში ულტრამემარჯვენე ძალებისა და პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საწინააღმდეგო აქცია გაიმართა, რომელშიც, სხვადასხვა ცნობით, 80 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. დემონსტრაციას, რომლის მონაწილეებიც მემარჯვენე ექსტრემიზმის აღზევებასა და ნეონაცისტური ქსელების არსებობას აპროტესტებდნენ, ჰამბურგის ბურგომისტრიც შეუერთდა. ანალოგიური აქციები გაიმართა გერმანიის სხვა ქალაქებშიც, მათ შორის იენსა და კილში. აქციების მიზეზი გახდა ინფორმაცია, რომ პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრები მემარჯვენე ექსტრემისტებთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ. ამ შეხვედრაზე წარმოშობით უცხოელი გერმანიის მოქალაქეების ქვეყნიდან იძულების წესით გაძევების საკითხი განიხილებოდა.