გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის კოალიციური მთავრობის ინიციატივით, ქვეყანაში იმ პირთა დეპორტაციის პროცედურა, რომელთაც თავშესაფრის მიღებაზე უარი ეთქვათ, გამარტივდა. კანონპროექტი პარლამენტმა უკვე მიიღო. დოიჩე ველეს ინფორმაციით, ამ გზით მთავრობა არალეგალურ მიგრაციასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებთან გამკლავებას ცდილობს. დოკუმენტის თანახმად, დეპორტაციამდე დაკავების კანონიერი მაქსიმალური ვადა 10 დღიდან 28 დღემდე გახანგრძლივდა. ჩხრეკის ჩატარებისას კი პოლიციას მეტი უფლებამოსილება ექნება. ახალი კანონპროექტით პოლიცია უფლებამოსილია შევიდეს საერთო საცხოვრებელში და შესაბამისი სამუშაოები არამხოლოდ დეპორტირებული პირის ოთახში, არამედ საცხოვრებლის სხვა ნაწილშიც ჩაატაროს.