18 იანვარს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1478-ე სხდომის ფარგლებში, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა. შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, ასევე ევროპის საბჭოსა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ, ბიორნ ბერგემ გახსნეს. სამოქმედო გეგმის მიზანია ქვეყანაში ევროპის საბჭოს ფასეულობების: ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის და დემოკრატიის განმტკიცების ხელშეწყობა, ასევე ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების განხორციელება და კანონმდებლობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება. საქართველოსთვის ეს ევროპის საბჭოს მეოთხე სამოქმედო გეგმაა.