დავოსის ეკონომიკური ფორუმი დღეს სრულდება. ფორუმზე, ეკონომიკურ საკითხებთან ერთად, მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებს განიხილავენ. შვეიცარიის სამთო კურორტი 3-ი ათას სტუმარს მასპინძლობს, საიდანაც 60 სახელმწიფოს ლიდერია. ლიდერებს შორისაა საქართველოს პრემიერ-მინისტრიც, რომელმაც დავოსში ვიზიტი უკვე დაასრულა. შუა დერეფნის პროექტის მნიშვნელობა, საქართველოს სატრანსპორტო შესაძლებლობების განვითარება, ანაკლიის პორტისა და ახალი აეროპორტის მშენებლობა, ასევე ბოლო სამი წლის განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების დინამიკა - ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით, ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ისაუბრა. ერთ-ერთ პანელურ დისკუსიაზე მსჯელობისას, მთავრობის მეთაურმა ისიც აღნიშნა, რომ, სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებაზე საუბრის დროს, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს.