სამხრეთ-აღმოსავლეთ სირიაში იორდანიის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშების შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია და სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორია ავრცელებს.
„იორდანიის სამხედრო თვითმფრინავებმა სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინცია სვეიდაში საცხოვრებელ ტერიტორიებსა და საწყობებზე საჰაერო იერიშები განახორციელეს. დაიღუპა სულ მცირე ცხრა ადამიანი, მათ შორის ორი გოგონა და ოთხი ქალი“, - ნათქვამია სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორიის განცხადებაში.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სავარაუდოდ, იორდანიამ საჰაერო დარტყმები ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ განახორციელა.
ცნობისთვის, უკანასკნელ წლებში, იორდანიამ სირიის საზღვარზე კონტროლი გაამკაცრა და იორდანიის შეიარაღებული ძალები ნარკოტიკებისა და იარაღის გადატანის მცდელობების აღსაკვეთად სამხედრო ოპერაციებს ხშირად ატარებენ.