ყაზახეთი წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით 1,5 მლნ ტონა ნავთობის ექსპორტს გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების მონაცემებით, 2024 წელს ყაზახეთში ნავთობისა და გაზის კონდენსატის მოპოვება 90,3 მლნ ტონაზე არის დაგეგმილი. მოსალოდნელია, რომ ექსპორტის მოცულობა 70,8 მლნ ტონას მიაღწევს, საიდანაც 56,7 მლნ ტონა რუსული მარშრუტით, ანუ კასპიის მილსადენის კონსორციუმის სისტემით გავა. 12 იანვარს ყაზახეთის მთავარი მილსადენის ეროვნულმა ოპერატორმა, „ყაზტრანსოილმა“ განაცხადა, რომ 2023 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტზე ნავთობის მიწოდება 5,5-ჯერ გაიზარდა და მილიონ 392 ათას ტონამდე შეადგინა. „ყაზტრანსოილი” ნაციონალური კომპანია „ყაზმუნაიგაზის“ ჯგუფში შედის. ის 5,4 ათასი კმ სიგრძის მაგისტრალური ნავთობსადენების დივერსიფიცირებულ ქსელს ფლობს, ნავთობის ტრანსპორტირებას კი ყაზახეთის გადამამუშავებელ ქარხნებში და ექსპორტისთვის ახორციელებს.