ევროპის ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში 100 მბ/წმ-იანი ფიქსირებული ინტერნეტი 136%-ით ძვირია, - ამის შესახებ აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით ჩატარებულ Teligen-ის კვლევაში. კვლევის თანახმად, ევროპის ქვეყნებში ოჯახების დაახლოებით 55% 100 მბ/წმ-იანი ან უფრო მაღალი ინტერნეტ სიჩქარით სარგებლობს, საქართველოში კი აბონენტების მხოლოდ 1%-ს, კერძოდ, 4 ათას აბონენტს აქვს 100 მბ/წმ ან უფრო მაღალი სიჩქარის ინტერნეტი. რაც შეეხება მობილურ მომსახურებას, 10 გეგაბაიტი მობილური ინტერნეტი და 1795 წუთი სასაუბრო დრო, 24 ევროპული ქვეყნის საშუალო ფასთან შედარებით, ჩვენთან 35%-ით უფრო ძვირია.
რაც შეეხება იურიდიულ პირებს, მათთვის 10 გბ. ინტერნეტი და 1795 წუთი 1%-ით უფრო ძვირია, ვიდრე კვლევაში შემავალ ქვეყნებში არსებული ანალოგიური პაკეტების საშუალო ფასი. ხოლო 5 გბ. ინტერნეტი და 577 წუთი საქართველოში 32%-ით უფრო იაფია. 20 გბ. ინტერნეტისა და ულიმიტო წუთების ფასი კი 36%-ით უფრო მეტია, ვიდრე ევროპის ქვეყნების საშუალო ფასი ანალოგიურ პაკეტებზე.
როგორც კომუნიკაციების კომისია აცხადებს, ნახევარ მილიონზე მეტი ოჯახისთვის თბილისსა და რეგიონებში, ინტერნეტისა და ტელევიზიის პაკეტებიდან ყველაზე იაფი პაკეტების ღირებულება, ევროპულ საშუალო მაჩვენებელზე დაბალია, რასაც რეგიონების შემთხვევაში, სააქციო ფასები განაპირობებს.