რუსთავში, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, კიდევ ერთ ლოკაციაზე დაიწყო. რუსთავის მერიის ინფორმაციით, პროექტი, გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე, 11 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე გზის, ახალი სანიაღვრე ქსელის, მწვანე სივრცეების, გარე განათების სისტემებისა და დეკორატიული საფეხმავლო ბილიკების მოწყობას ითვალისწინებს.
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, პროექტის მიმდინარეობას, მოადგილეებთან კახა გურულთან და ბესიკ ტოგონიძესთან, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებთან, მერიის შესაბამისი სამსახურებისა და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაო ფორმატში გაეცნო.
,,პროექტი, რომელიც გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე დავიწყეთ, მნიშვნელოვანია იმით, რომ აქამდე საგზაო ინფრასტრუქტურა აქ საერთოდ არ არსებობდა. გრიგოლ ხანძთელის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი 11 000 კვ. მეტრის მოასფალტებას გულისხმობს, სადაც მოეწყობა როგორც გამწვანების ზოლი, ასევე ფეხით სავალი ბილიკები, გარე განათების სისტემა. მიხარია, რომ ჩვენ მოსახლეობის მოთხოვნას შევასრულებთ და პროექტის დასრულების შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება, აქ მუნიციპალურმა ტრანსპორტმაც იმოძრაოს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე ახალი სანიაღვრე ქსელი მოეწყობა, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა, მოწესრიგდება მიმდებარედ არსებული შენობების სადარბაზოებთან მისასვლელი სივრცეები, საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება, მოეწყობა მწვანე სივრცეები და ბორდიურები.
პროექტი, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 347 439 ლარია.