* ტომი ჰილფიგერი -
ამერიკელმა დიზაინერმა ტომი ჰილფიგერმა, რომელსაც არასდროს მიუღია პროფესიული განათლება, არა მხოლოდ საკუთარი ბრენდი, არამედ მოდის მთელი იმპერია შექმნა და რეკორდული სისწრაფით მოიპოვა მსოფლიო აღიარება. მეტიც, სულ რაღაც 10 წელიწადში Tommy Hilfiger-ის ლოგოთი და მისთვის დამახასიათებელი წითელი, ლურჯი და თეთრი ფერებით შეიმოსა მთელი ამერიკა, პრეზიდენტ ბილ კლინტონის ჩათვლით, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ 1995 წელს ჰილფიგერმა ‘’მამაკაცის სამოსის საუკეთესო დიზაინერის’’ ტიტული, 2012 წელს კი, ჯოფი ბინის პრემია მიიღო ამერიკის მოდელიერების საბჭოსგან მოდის ინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის.
* უპერსპექტივო ბავშვობა -
ტომას ჯეიკობ ჰილფიგერი 1951 წლის 24 მარტს დაიბადა ნიუ-იორკის პატარა ქალაქ ელმაირში. მომავალი მოდელიორის ოჯახს, რომელშიც მასთან ერთად კიდევ რვა ბავშვი იზრდებოდა, მწირი ფინანსები და ნაკლები შესაძლებლობები ჰქონდა, რადგან მამა მესაათედ, დედა კი, მედდად მუშაობდა ადგილობრივ კლინიკაში.
არ გაუმართლა ტომის არც სკოლაში. მოზარდი, რომელიც დისლექსიით იტანჯებოდა, ნაკლები ენთუზიაზმით სწავლობდა და მუდმივად აცდენდა გაკვეთილებს, რაც პედაგოგებთან ხშირი კონფლიქტის მიზეზი ხდებოდა, აითვალწუნეს ჰილფიგერი თანატოლებმაც, რომლებიც ზედმეტი სიგამხდრის გამო დასცინოდნენ და არც ფიზიკურ ძალადობას ერიდებოდნენ. ტომი ქვებსაც კი იწყობდა ჯიბეში წონის მოსამატებლად და სულ ამაოდ ცდილობდა ფეხბურთის გუნდში გაწევრიანებას, თუმცა ფიზიკური ნაკლი ბუნებამ ფოტოგრაფიული მეხსიერებით აუნაზღაურა, რადგან სხვებისგან განსხვავებით ნებისმიერი სირთულის გამოსახულების იმახსოვრებდა და უშეცდომოდ აღადგენდა.
* მომგებიანი წამოწყება -
მართალია, სკოლის დასრულების შემდეგ ტომი კოლეჯში გეგმავდა სწავლის გაგრძელებას, თუმცა საკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებში დაეჭვებულმა გადაიფიქრა და ტანსაცმლის ადგილობრივ მაღაზიაში დაიწყო მუშაობა.
18 წლის ჰილფიგერი სწრაფად მიხვდა, რომ პატარა ქალაქის მოდა აბსოლუტურად არ შეესაბამებოდა მოდური ჟურნალების მიერ შეთავაზებულ სტილს, ამიტომ საკუთარი დანაზოგით - 150 დოლარით, რომელსაც რამდენიმე თვის მანძილზე აგროვებდა, ნიუ-იორკში გაემგზავრა და 20 წყვილი ე.წ. ‘’კლიოშის’’ ჯინსის შარვალი შეიძინა, სახლში დაბრუნებულმა კი, ორ დღეში გაყიდა პირდაპირ საკუთარი მანქანის საბარგულიდან. სწორედ პირველმა წარმატებამ გადააწყვეტინა მომავალ დიზაინერს პატარა მაღაზიის People's Place-ის გახსნა სლოგანით ‘’ახალი სტილი, რომლის შექმნა აქამდე შეუძლებელი იყო ჩვენს ქალაქში’’.
* მოყვარული დიზაინერი -
თავიდან მაღაზიის ასორტიმენტს ჰილფიგერი ნიუ-იორკში შეძენილი სამოსით ავსებდა, თუმცა მოგვიანებით დამოუკიდებლად შეუდგა მოდელირებას. ტომი, რომელსაც არც ხატვა ეხერხებოდა, არც პროფესიული განათლება ჰქონდა, საკუთარ იდეებს უკვე მზა ტანსაცმლის გადაკეთებით ახორციელებდა, მერე კი ელმაირის მოსახლეობაზე ამოწმებდა რამდენად გაამართლა მისმა ნოვატორობამ. მართალია, მოყვარულმა დიზაინერმა ჯერ ატელიე, მერე კი, მაღაზიებს ქსელი გახსნა მშობლიურ ქალაქში, მაგრამ კრიზისმა საცალო ვაჭრობაში მასაც აიძულა ერთ დროს შემოსავლიან ბიზნესზე უარის თქმა.
* კარიერის დასაწყისი -
1977 წელს სრულად გაკოტრებულმა ჰილფიგერმა მოდის ბიზნესის მართვის შესწავლა გადაწყვიტა და მეუღლესთან, სიუზი კარონასთან ერთად გადაბარგდა ნიუ-იორკში. მართალია, ახალბედა დიზაინერმა სწრაფად შეიძინა შრომისმოყვარე ახალგაზრდის რეპუტაცია, მეტიც, ისეთმა მსხვილმა ბრენდებმაც კი შესთავაზეს მუშაობა, როგორიც Calvin Klein და Perry Ellis-ია, თუმცა ტომი მხოლოდ საკუთარი ბრენდის შექმნას ნატრობდა.
ოცნება ჰილფიგერმა 1979 წელს აისრულა, როცა კომპანია Tommy Hill შექმნა, მისი პირველი კლიენტი კი, ფირმა Jordache გახდა, რომელიც ჯინსების წარმოებაზე სპეციალიზირდებოდა. 1981 წელს ტომიმ ფირმა 20th Century Survival გახსნა, ერთი წლის შემდეგ კი, Click Point-ის ბრენდით გამოუშვა ქალის ტანსაცმლის კოლექცია. ცოდნისა და გამოცდილების შესაძენად, ჰილფიგერი ინტენსიურად მოგზაურობდა ინდოეთში და პირდაპირ საწარმოებში ეცნობოდა ტექსტილისა და ტანსაცმლის წარმოების ტექნოლოგიურ ნიუანსებს.
* წარმატებული სარეკლამო კამპანია -
1984 წელს ჰილფიგერმა ინდოელი ბიზნესმენი მოჰან მურჯანი გაიცნო, რომელსაც მამაკაცის სამოსის წარმოებაში უნდოდა კაპიტალის დაბანდება და სწორედ ტომი მიიჩნია იდეალურ კანდიდატად. მართალია, The Murjani Group-ის ინვესტიციის წყალობით დიზაინერმა საკუთარი ფირმა Tommy Hilfiger Corporation დააფუძნა, ბრენდის საიდენტიფიკაციო ნიშნად კი, წითელ, თეთრ და ლურჯ ფერებში შესრულებული ლოგო შეარჩია, რომელიც მოგვიანებით ყველა კოლექციის წამყვან მოდელებში გამოიყენა, მაგრამ სწრაფად მიხვდა, რომ მოდის ინდუსტრიაში, სადაც ყოველთვის სერიოზული კონკურენცია იყო, მხოლოდ ორიგინალური ლოგოთი წარმატებას ვერასდროს მიაღწევდა.
სხვათა შორის, ფერები ჰილფიგერმა ამერიკის დროშის ანალოგად აირჩია, რადგან კელვინ კლაინისა და რალფ ლორანის მსგავსად, მანაც ამერიკული სტილის იდეალიზირებული ვერსია აქცია საკუთარ ბრენდის საფუძვლად.
ბრენდის პოპულარიზაციისა და საკუთარი თავის მომხმარებლისთვის გასაცნობად ჰილფიგერმა მეტად გონებამახვილური სარეკლამო კამპანიას მიმართა. ნიუ-იორკში, ტაიმს-სქვერზე მოათავსა უზარმაზარი ბილბორდი, რომელზეც ერთგვარი რებუსი იყო გამოსახული სათაურით ‘’მამაკაცის ტანსაცმლის ოთხი უდიდესი ამერიკელი დიზაინერი’’. რა თქმა უნდა, სამი სახელი, რომლებშიც რალფ ლორანი, პერი ელისი და კელვინ კლაინი იყო დაშიფრული ნიუ-იორკელებისთვის მარტივი გამოსაცნობი აღმოჩნდა, მეოთხეზე კი, ყველას დიდხანს მოუწია ფიქრი, რადგან მართალია, სარეკლამო ბანერზევე იყო მითითებული ლოგოტიპი და მისამართი მათთვის, ვისაც ინკოგნიტო დიზაინერის გაცნობა უნდოდა, მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ყველასთვის უცნობი ახალბედა მსოფლიო გრანდების გვერდით დააყენებდა საკუთარ თავს.
გონებამახვილური სარეკლამო კამპანია ჰილფიგერს ცნობილმა მარკეტოლოგმა ჯორჯ ლოისმა შესთავაზა. მართალია, თავიდან ტომიმ ნაკლებად მოიწონა მსგავსი ‘’თავხედობა’’, მაგრამ საბოლოოდ მაინც დათანხმდა და როგორც მოგვიანებით თავად აღნიშნა ‘’მაქსიმუმი გააკეთა, რათა სრულად გაემართლებინა ხმაურიანი პრეზენტაცია’’.
* პირველი კოლექცია -
ახალი ბრენდის პირველი კოლექცია, რომელმაც მხოლოდ მამაკაცის სამოსი გააერთიანა, 1985 წელს გამოვიდა. ჰილფიგერმა დროით გამოცდილი, თუმცა თანამედროვე სტილში მოდერნიზებული კლასიკა წარუდგინა პუბლიკას ოდნავ განსხვავებული თარგითა და ინოვაციური დეტალებით.
* ვარსკვლავების რჩეული -
ინდივიდუალური სტილის წყალობით ჰილფიგერმა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა, 1990-იანი წლების პირველ ნახევარში კი, ჯერ ამერიკის მოდელიერთა პრემია დაიმსახურა როგორც ‘’მამაკაცის სამოსის საუკეთესო დიზაინერმა’’, მერე კი, ვარსკვლავების, მეტწილად მუსიკოსების ფავორიტ დიზაინერად იქცა, რადგან თვითონაც ყოველთვის უყვარდა მუსიკა.
პირველებმა ბრიტნი სპირსმა და გვენ სტეფანიმ მოირგეს ჰილფიგერის სამოსი, არ ჩამორჩა დანარჩენებს არც Snoop Dogg. რეპერი რესპექტაბელურ წვეულებაზე გამოჩნდა მაისურით, რომელსაც მსხვილი ასოებით ამშვენებდა წარწერა Tommy და რეკორდული მაჩვენებლით გაზარდა ბრენდის ნაწარმის გაყიდვა რამდენიმე დღეში. აღსანიშნავია, რომ სწორედ ჰილფიგერი გახდა პირველი დიზაინერი, რომელმაც მოდის მუსიკასთან გაერთიანება შეძლო და მეტად ეფექტური სარეკლამო კამპანიები განახორციელა The Rolling Stones-ის, ლენი კრავიცის, ბიონსესა და ენრიკე იგლესიასის საგასტროლო ტურების დაფინანსებით.
* ცილისწამება -
მართალია, ჰილფიგერი ყოველთვის უნაკლოდ წარადგენდა საკუთარ ბრენდს, განსაკუთრებით კი, სლოგანით: ‘’უმაღლესი ხარისხი - მისაღები ფასები!’’ იწონებდა თავს, მაგრამ 2019 წელს ბეწვზე გადაურჩა გაკოტრებას. მიზეზი - ბანალური ცილისწამება და რასიზმში ბრალდება გახდა, როცა სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ოპრა უინფრის პოპულარულ შოუში სტუმრობისას, დიზაინერმა შეურაცხმყოფელი გამონათქვამებით მოიხსენია ამერიკის შავკანიანი მოსახლეობა. რა თქმა უნდა, ბრალდება მხოლოდ გამონაგონი აღმოჩნდა, თუმცა სერიოზული სკანდალი მაინც გამოიწვია. ამერიკელებმა ერთგვარი ბოიკოტი გამოუცხადეს დიზაინერს, რამაც ბრენდიც აზარალა და მისი რეპუტაციაც, რადგან კატასტროფულად შემცირდა გაყიდვები.
* დაძლეული კრიზისი -
თუმცა, ჰილფიგერს უკვე ჰქონდა მსგავსი სირთულეების დაძლევის გამოცდილება, რადგან განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა მისთვის 2000-იანი წლების დასაწყისი, როცა ბიზნესთან ერთად პირად ცხოვრების მოწესრიგებაც მოუწია. ტომი ჯერ მეუღლეს სიუზი კარონას გაშორდა, რომელიც 1976 წელს გაიცნო, როცა ახალგაზრდა ქალმა მის ერთ-ერთ მაღაზიაში დაიწყო გამყიდველად მუშაობა, თუმცა ოთხი შვილის შეძენისა და ხანგრძლივი თანაცხოვრების შემდეგ წყვილმა მაინც დაშორება გადაწყვიტა, მერე კი, საქმის წარმოებაში დაშვებული შეცდომების ძიებას შეუდგა, რადგან ბრენდმა სრულიად მოულოდნელად დაკარგა პოპულარობა როგორც პოპ-ვარსკვლავებს, ისე რიგით მომხმარებელს შორის.
საბედნიეროდ, კრიზისი ხანმოკლე აღმოჩნდა. ჰილფიგერმა შეცდომები გაითვალისწინა, ბევრად ექსკლუზიური გახადა საკუთარი ბრენდი და პოპულარობასთან ერთად ძველი პრესტიჟიც დაუბრუნა. 2008 წელს კი, მეორედ იქორწინა და მეხუთე შვილის მამა გახდა.
სხვათა შორის, დიზაინერის ორი შვილი აუტიზმითაა დაავადებული, რაც კიდევ ერთ მიზეზად იქცა ისედაც ქველმოქმედი ჰილფიგერისთვის დაეფინანსებინა ყველა ის ფონდი და ინსტიტუტი, რომელიც ადამიანის ტვინის კვლევითა და შესწავლითაა დაკავებული.
* ყვავილების პრინტი -
მართალია, ჰოლფიგერის კოლექციებში მრავლადაა მოდელები ყვავილების პრინტით, მაგრამ დიზაინერის აღიარებით ის მხოლოდ დროის მოთხოვნებს აჰყვა, რადგან ‘’შეფერილობა, რომელიც შპალერს უფრო ჰგავს ხანდაზმული ადამიანის ბინაში, ვიდრე მოდური სამოსის გაფორმებას, სინამდვილეში არა უბრალოდ უგემოვნო, არამედ საშინლად გამაღიზიანებელია’’, მით უფრო, რომ ბრენდმა სწორედ კონსერვატორული სტილით - თავშეკავებული ფერებით, კლასიკური პრინტით და უნაკლო სილუეტით გაითქვა სახელი, ესთეტიკურ ინოვაციებს მსხვილი დეტალებით, თამამი ლოგოტიპებითა და ფერებით კი, ჰილფიგერი მეტწილად Tommy Jeans-ის კოლექციებში მიმართავს, რომლებიც თავისუფალი შემოქმედებითი ძიების მიუხედავად, მაინც ყოველთვის სპორტული ელეგანტურობით გამოირჩევა.
* ბრენდის გაფართოება -
2015 წელს ჰილფიგერმა ბრენდის გაფართოება გადაწყვიტა და მანამდე აბსოლუტურად უცნობ სფეროში, ავეჯის წარმოებაში ჩაება, თუმცა საკუთარ თავს არც ამ შემთხვევაში უღალატა და უმაღლესი ხარისხის მოდური პროდუქცია შესთავაზა მომხმარებელს, ერთი წლის შემდეგ კი, პოპულარული classic American cool-ის ახალი ხაზი შექმნა, რომელიც ისეთივე წარმატებული აღმოჩნდა, როგორც მისი ყველა წამოწყება.
* მშვიდი ცხოვრება -
დღეს 72 წლის დიზაინერი, რომელიც მისივე განცხადებით ძალიან მოქანცა ‘’მოდის ინდუსტრიის ალიაქოთმა’’, ნიუ-იორკის მდიდრულ აპარტამენტებში ცხოვრობს და ცენტრალური პარკის ხედებით ტკბება. ჰილფიგერის ‘’ვარსკვლავური’’ მეგობრების მტკიცებით, სწორედ მისი უნაკლოდ და საოცარი გემოვნებით მოწყობილი აპარტამენტებია ფუფუნებისა და რესპექტაბელურობის ერთგვარი საეტალონო ნიმუში. მეტიც, სწორედ ჰილფიგერის ბინაში გადაიღო ბაზ ლურმანმა თავისი ‘’დიდი გეტსბის’’ კულმინაციური სცენა, როცა ლეონარდო დიკაპრიოს პერსონაჟი აღიარებს, რომ მთელი ცხოვრება მხოლოდ დეიზი უყვარდა.
სხვათა შორის, ჰილფიგერი, რომელიც ფერწერით, განსაკუთრებით ენდი უორჰალის, კიტ ჰარნგისა და ჟან-მიშელ ბასკიას შემოქმედებითაა გატაცებული, თავგამოდებული კოლექციონერი და საკმაოდ ძვირადღირებული ფერწერული ტილოების მფლობელია. ამასთანავე, დიზაინერმა, რომელიც 1 400 მაღაზიის მფლობელია 90 ქვეყანაში, ორი წიგნი All-American: A Style Book და Rock Style: How Fashion Moves to Music გამოუშვა და მოდის მოყვარულების შემდეგ ინტელექტუალური მკითხველის პატივისცემაც დაიმსახურა.