* ბრაიან ადამსი -
‘’მხოლოდ მაშინ ხარ წარმატებული, როცა პუბლიკა შენივე სიმღერებს გიმღერის, რადგან ყველაზე ძვირფასი ჯილდო სწორედ ხალხის სიყვარულია’’, - აღნიშნა კანადელმა მუსიკოსმა ბრაიან ადამსმა, რომელმაც როკ-ბალადის ჟანრში შექმნილი ლირიული კომპოზიციებით მოიპოვა პოპულარობა.
* მამასთან შერიგება -
ბრაიან გაი ადამსი 1959 წლის 5 ნოემბერს დაიბადა კინგსტონში. თუმცა, დიპლომატი მამის წყალობით, რომელიც წლების მანძილზე მსახურობდა ბრიტანეთის არმიაში, მერე კი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დიპლომატიურ სამსახურს შეუერთდა, მთელი ბავშვობა მოგზაურობაში გაატარა. ოჯახი ჯერ ისრაელსა და საფრანგეთში, მერე პორტუგალიასა და ავსტრიაში ცხოვრობდა, მშობლების დაშორების შემდეგ კი, დედასთან ერთად დაბრუნდა კანადაში და ვანკუვერში დასახლდა, სადაც საშუალო სკოლა დაამთავრა და მუსიკალური კარიერა დაიწყო.
სხვათა შორის, მამას, რომელიც 20 წელიწადზე მეტი არ ენახა, ბრაიანი პირველად იაპონიაში, საგასტროლო ტურნეს დროს შეხვდა. უფროსმა ადამსმა დიდი ხნის უნახავი შვილი ვახშამზე მიიწვია და ჯერ პატიება, მერე შერიგება სთხოვა.
* დებიუტი -
სადებიუტო სოლო ალბომი, რომელსაც სხვა მუსიკოსების მსგავსად საკუთარი სახელი უწოდა, ადამსმა 1980 წელს გამოუშვა, რასაც რამდენიმე ლირიული კომპოზიცია მოჰყვა,
აღიარება კი, მუსიკოსმა 1985 წელს მოიპოვა, როცა სიმღერა მისი Heaven ამერიკულ და ბრიტანულ ჩარტებში დაწინაურდა. 1980-იანი წლების მეორე ნახევარში სწორედ მსუბუქი როკი სარგებლობდა განსაკუთრებული პოპულარულობით, ამავე ჟანრში მუზიცირებდა ადამსიც, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ როკისთვის დამახასიათებელი ხრინწიანი ხმით შესრულებული ლირიული ბალადა გიტარის აკომპონიმენტით სწრაფად იქცა ჰიტად.
* კინომუსიკა -
ადამსის მელოდიურმა მუსიკამ რეჟისორების ყურადღება დაიმსახურა, რამაც მუსიკოსს კინოშიც მისცა შესაძლებლობების მოსინჯვის საშუალება. საერთო ჯამში ადამსმა 42 ფილმი გააფორმა საკუთარი კომპოზიციებით, რომელთა შორის განსაკუთრებით შთამბეჭდავი ‘’ოსკარის’’ ნომინანტი სიმღერა (Everything I Do) I Do It for You აღმოჩნდა კევინ რეინოლდსის სათავგადასავლო დრამიდან ‘’რობინ ჰუდი: ქურდების პრინცი’’, კომპოზიცია All for Love კი, რომელიც ადამსმა როდ სტუარტთან და სტინგთან ერთად ჩაწერა სტივენ ჰერეკის ისტორიული დრამისთვის ‘’სამი მუშკეტერი’’, დღესაც სუპერჰიტად ითვლება.
სხვათა შორის, კომპოზიციამ (Everything I Do) I Do It for You დღემდე დაუძლეველი რეკორდი დაამყარა, როცა ბრიტანულ ჩარტში დაწინაურებულმა მთელი 16 კვირა შეინარჩუნა ლიდერობა. აღსანიშნავია, რომ ‘’რობინ ჰუდისთვის’’ მუსიკის შესაქმნელად ადამსს სერიოზული კონკურენციის გაწევა მოუწია ენი ლენოქსისა და კეიტ ბუშისთვის, თუმცა ფილმის კომპოზიტორმა მაიკლ კეიმენმა სწორედ მის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი, რადგან ჩათვალა, რომ მხოლოდ ადამსი შეძლებდა ლირიული, თუმცა არა ბანალური და ზედმეტად სენტიმენტალური კომპოზიციის შექმნას. კეიმანის არჩევანმა გაამართლა, რადგან ტექსტის ავტორთან მეტ ლანგესთან ერთად ადამსმა სულ რაღაც 45 წუთში დაწერა ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი სინგლი.
არანაკლები პოპულარობა მოიპოვა კომპოზიციამ Have You Ever Really Loved a Woman, რომელიც ჯერემი ლევინის რომანტიკულ კომედიაში ‘’დონ ჟუან დე მარკოში’’ გაჟღერდა და წინამორბედების მსგავსად დაწინაურდა ჩარტებში.
* თანამშრომლობა ვარსკვლავებთან -
1990-იანი წლების მეორე ნახევარში, როცა საგრძნობლად შემცირდა ადამსის პოპულარობა, მუსიკოსმა ტრადიციულ ხერხს მიმართა და ცნობილ მუსიკოსებთან თანამშრომლობით ჩაწერა რამდენიმე კომპოზიცია. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა კოლაბორაცია ტინა ტერნერსა და ბარბარა სტრეიზანდთან, ვისთან დუეტში ადამსმა კომპოზიციები It's Only Love და I Finally Found Someone შეასრულა.
* ‘’ლამაზმანი’’ –
2018 წელს საკონცერტო დარბაზიდან მუსიკოსმა თეატრის სცენაზე გადაინაცვლა და ჯერ ბროდვეიზე, მერ კი ჩიკაგოში დადგა მიუზიკლი ‘’ლამაზმანი’’ უბერებელი მელოდრამის მოტივებზე. ტექსტი და მუსიკა სპექტაკლისთვის ადამსმა ჯიმ ველანსთან თანამშრომლობით დაწერა, ვისთან ერთადაც მანამდეც იმუშავა რამდენიმე ალბომზე.
* ფოტოგრაფია -
მუსიკის პარალელურად ადამსი აქტიურადაა გატაცებული ფოტოგრაფიით. მისი ნამუშევრები სისტემატურად იბეჭდება ისეთ პრესტიჟულ გამოცემებში, როგორიც Vogue, Harper’s Bazaar, Vanity Fair და Esquire-ია. მეტიც, მუსიკოსს სიამოვნებით პოზირებენ კაპრიუზული ვარსკვლავები.
საინტერესო ფოტოსესია ჰქონდა ადამსს პინკთან, რომელიც არასდროს გამოირჩეოდა განსაკუთრებული მოკრძალებით. მუსიკოსმა საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტა ტოპლეს-ფოტოების გადაღება, რითაც ძალიან დააბნია ყოფილი კოლეგა, თუმცა ადამსმა მაინც შეძლო ემოციებს მორევა და მშვენიერი ფოტოები გადაიღო, რომლებიც მის ალბომში შევიდა. სხვათა შორის, 2012 წელს მუსიკოსმა ექსკლუზიური გამოფენა მოაწყო, რომელზეც სწორედ ცნობილი კოლეგების - ელტონ ჯონის, მიკ ჯაგერის, მაიკლ ჯექსონისა და სხვათა 50-მდე ფოტო გამოფინა, 2022 წელს მოწყობილი ექსპოზიცია კი, ბრიტანეთის სამეფო ოჯახს, პირველ რიგში, ელისაბედ მეორეს მიუძღვნა, რომელმაც მეფობის ოქროს იუბილე აღნიშნა.
* თავმდაბალი მუსიკოსი -
აღიარების მიუხედავად, ადამსი არც ‘’ ვარსკვლავური სენით’’ იტანჯება, არც პრივილეგიებით სარგებლობს. მეტიც, მეუღლესთან და ორ ქალიშვილთან ერთად ლონდონში დაბინავებული, მაქსიმალურად ერიდება ხმაურიან წვეულებებს და ვარსკვლავურ თავყრილობებს, თუმცა აქტიურად წერს მუსიკას ფილმებისთვის და ზრუნავს მიუსაფარ, პატრონის გარეშე დარჩენილ ძაღლებზე, ვისთვისაც მომავალში მიწის ნაკვეთის შეძენას და უზარმაზარი თავშესაფრის მოწყობას გეგმავს, სადაც მისივე განცხადებით, ‘’ნებისმიერი ძაღლი ისე იგრძნობს თავს, როგორც საკუთარ სახლში’’.