ტაივანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გასულ ღამეს ჩინეთის 18 თვითმფრინავი ტაივანის გარშემო პატრულირებდა. უწყების ცნობით, ეს ჩინეთის მხრიდან პირველი ფართომასშტაბიანი პოსტსაარჩევნო სამხედრო აქტივობაა. ტაივანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თვითმფრინავები, ადგილობრივი დროით 19:50 საათზე, ტაივანის ჩრდილოეთით, ცენტრალურ ტაივანსა და ასევე სამხრეთ-დასავლეთით პატრულირებდნენ. ამ თვითმფრინავებიდან 11-მა ტაივანის სრუტის ხაზი გადაკვეთა. ტაივანში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა პრეზიდენტმა უილიამ ლაიმ, რომელიც მოვალეობის შესრულებას 20-ი მაისიდან შეუდგება, ჩინეთს მოლაპარაკებები არაერთხელ შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო. მისივე თქმით, ის სრუტეზე მშვიდობასა და სტაბილურობას შეინარჩუნებს, მაგრამ, როგორც ახლად არჩეული პრეზიდენტი აცხადებს, ტაივანის მომავალი მხოლოდ მისივე ხალხს შეუძლია გადაწყვიტოს.