ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება. ისრაელი ღაზაში სახმელეთო ოპერაციას კვლავ აძლიერებს. ქვეყნის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზაში სამხედრო მოქმედებების დაწყებიდან ჰამასის ათობით სტრატეგიული ობიექტი და მებრძოლია განადგურებული. საერთაშორისო ლიდერები კონფლიქტში მონაწილე მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ და ღაზაში არსებულ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე საუბრობენ. TIMES OF ISRAEL-ის ინფორმაციით, კატარმა, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ღაზაში მყოფი მძევლებისთვის მედიკამენტების მიწოდებასთან დაკავშირებით, წარმატებული შუამავლობის შესახებ განაცხადა. კატარის საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ, ღაზაში ომის დასრულების მიზნით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დოჰას შუამავლობა გაგრძელდება. საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, შეთანხმებაში პარიზის როლიც დიდია. მისივე თქმით, პროცესში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი აქტიურად მონაწილეობს.