როდის გაეზრდებათ პენსია ომის ვეტერანებს და ყოფილ ძალოვნებს? - პენსიის მატების პირობა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გასულ წელს გასცა. სამ ნოემბერს ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე მომავალი წლის ბიუჯეტზე საუბრისას თქვა, რომ 2024 წელს ძალოვანი უწყებების თანამშრომელების პენსიის ზედა ზღვარი 560 ლარიდან 1000 ლარამდე გაიზრდებოდა, თუმცა პრემიერს არ დაუკონკრეტებია თარიღი - 2024 წლის რომელი თვიდან გაიზრდებოდა ძალოვანი უწყებების თანამშრომელთა პენსია. ოპოზიციაში ამბობენ რომ ხელისუფლება პენსიის გაზრდის თარიღს საპარლამენტო არჩევნებს დაამთხვევს. ამ თემაზე კონკრეტული პასუხი არ აქვთ ქართულ ოცნებაში. ამბობენ, რომ ოპოზიციის ბრალდებები უსაფუძვლოა და საკითხი მას შემდეგ დარეგულირდება, რაც კანონპროექტის განხილვა პარლამენტში დასრულდება.