აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ირანის მიერ ერაყის ჩრდილოეთ ქალაქ ერბილთან განხორციელებული თავდასხმა ძირს უთხრის ერაყის სტაბილურობას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი აცხადებს, რომ აშშ მხარს უჭერს ერაყის მთავრობისა და ქურთისტანის რეგიონული მთავრობის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ერაყელი ხალხის მისწრაფებების დაკმაყოფილებისკენ. მილერმა ირანის მიერ მოწყობილ ტავდასხმას უგუნური უწოდა. ერაყის ქალაქ ერბილში, აშშ-ის საკონსულოსთან რამდენიმე აფეთქება მოხდა, რომელზეც პასუხისმგებლობა ირანის რევოლუციურმა გუშაგთა კორპუსმა აიღო. მათი მტკიცებით, ბალისტიკური რაკეტების სამიზნე „ჯაშუშთა შტაბი და რეგიონის ნაწილებში ირანის საწინააღმდეგო ტერორისტულ თავშეყრები“ იყო. ქურთისტანის რეგიონული უშიშროების საბჭომ განაცხადა, რომ თავდასხმას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 6 კი დაშავდა.