საქართველოში საარსებო შემწეობას 650 ათასამდე ადამიანი იღებს და მათი რაოდენობა ერთი წლის განმავლობაში 3,4%-ით შემცირდა. კერძოდ, 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში საარსებო შემწეობას 647 535 ადამიანი იღებდა, აქედან 207 542 სწორედ ის ადამიანია, ვისაც საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 4 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველის პაკეტი გარანტირებულად უნარჩუნდებათ. რაც შეეხება 2022 წლის დეკემბერს, მაშინ საარსებო შემწეობას სულ 670 551 ადამიანი იღებდა, აქედან 135 208 ადამიანი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. რაც შეეხება საარსებო შემწობაზე გაცემულ თანხებს, სააგენტოს მონაცემებით, გასული თვის განმავლობაში სოციალურად დაუცველებზე დაახლოებით 68 მილიონი ლარი გაიცა. ყოველთვიურ სტატისტიკას თუ ვნახავთ, სოციალურად დაუცველებზე გასაცემი საარსებო შემწეობის ხარჯი საშუალოდ 60-70 მლნ ლარის ფარგლებში მერყეობს.