პარლამენტში ევროკომისიის 9-ა დათქმის შესრულებისთვის შეხვედრები ოფიციალურად დაიწყო. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. უმსხვილეს ოპოზიციურ პარტიაში ამტკიცებენ, რომ ახლა მთავარია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, რის შემდეგაც ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება. როგორც ისინი ამტკიცებენ, არჩევნების შემდეგ ოპოზიცია მაქსიმუმ 100 დღეში ევროკომისიის 9-ვე დათქმას მთლიანად შეასრულებს. აღნიშნულ მოსაზრებას ხელისუფლების ოპონენტების დიდი ნაწილი იზიარებს. მათი თქმით, დეოლიგარქიზაციის პუნქტის შესრულება პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების შემდეგ, კიდევ უფრო წარმოუდგენელი გახდა. განსხვავებული პოზიცია აქვთ გიორგი გახარიას გუნდის წევრებს. ბექა ლილუაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ დეოლიგარქიზაციაზე არ უნდა საუბრობდეს, რადგან, როგორც თავად აცხადებს, ამ პარტიის არაფორმალური მმართველი ოლიგარქი - დავით კეზერაშვილია.