მომატებული რესპირატორული ინფექციები ბოლო ერთ კვირაში - სეზონური ვირუსების გამო, სამედიცინო დაწესებულებებშიც მიმართვიანობა გაზრდილია, თუმცა საავადმყოფოებში, ამ ეტაპზე, ადგილების პრობლემა არ არის. ქვეყანაში, ძირითადად, A ტიპის ვირუსები ცირკულირებს. ლაბორატორიულად დადასტურებული ნიმუშების უმეტესობა H1N1-ია. სპეციალისტების შეფასებით, H1N1 პანდემიურ სახეს ვერ მიიღებს. გრიპი, ყველაზე რთულად, 5-თ წლამდე ასაკის ბავშვებში მიმდინარეობს. ის მარტივად გადამდებია და სხვადასხვა თანმდევი ქრონიკული დაავადების შემთხვევაში რთულდება. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ გრიპის ვირუსის გაზრდილი მაჩვენებელი სავარაუდოდ თვის ბოლომდე გაგრძელდება.