„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია ჩინეთში გაემგზავრა. ხელისუფლების წარმომადგენლები ჩინეთის მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, კერძოდ კი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, ლიუ ძინჩაოს და მის მოადგილეს შეხვდნენ. „ქართულ ოცნებაში“ ირწმუნებიან, რომ ჩინეთში ვიზიტები საქართველოს ინტერესებს არ ეწინააღმდეგება და პირიქით, ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. აღნიშნულ მოსაზრებას ოპოზიციაში არ იზიარებენ. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავება ქვეყნის ევროინტეგრაციას ეწინააღმდეგება.