მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში ისრაელმა მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს უპასუხა. სამხრეთ აფრიკა აცხადებს, რომ ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაცია გენოციდის კამპანიაა, რომელიც მიზნად პალესტინის მოსახლეობის განადგურებას ისახავს. სამხრეთ აფრიკამ, მოსამართლეებს გადაუდებელი ზომების დაწესებისა და ისრაელისთვის ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულების დაკისრების მოთხოვნითაც მიმართა. ჰააგის სასამართლოში, ისრაელის წარმომადგენლის, ადვოკატ მალკოლმ შოუს განცხადებით, ისრაელის ხელმძღვანელობას „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმების შემდეგ „გენოციდური განზრახვა“ არ გამოუვლენია. მისი თქმით, სამხრეთ აფრიკამ გენოციდური განზრახვის დასადგენად ისრაელის პოლიტიკოსების მიერ ომზე გაკეთებული კომენტარების „დამახინჯებული სურათი“ წარმოადგინა. შოუ აცხადებს, რომ ღაზასთან ომში ისრაელის პოლიტიკის განსაზღვრაში მხოლოდ ქვეყნის უსაფრთხოებისა და ომის კაბინეტის პოლიტიკური გადაწყვეტილებებია რელევანტური.