ხატის ტაძარში დაბრძანება უნდა მეცნობებინა საპატრიარქოსთვის, - ამის შესახებ არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი სამების საკათედრო ტაძრისთვის შეწირულ წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით „ფეისბუქზე“ წერს.
აღნიშნულის გამო არქიმანდრიტი შენდობას ითხოვს.
„მე, როგორც სამების საკათედრო ტაძრის კეთილმოწესე, ჩემი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, შექმნილი ვითარების გამო, შენდობას ვითხოვ დედა ეკლესიისა და მორწმუნე საზოგადოების წინაშე.
ხატის ტაძარში დაბრძანება უნდა მეცნობებინა საპატრიარქოსთვის“,- წერს არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი.
ცნობისთვის, სამების საკათედრო ტაძარში არსებულ წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, ინფორმაცია 6 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა. ის ტაძარს „პატრიოტთა ალიანსმა“ შესწირა. 9 იანვარს კი, ხატს საღებავი შეასხეს.
მოგვიანებით, საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და მიმართა წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს, ხატში სათანადო ცვლილებები შეიტანონ, ან ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს. განცხადებაშია აღნიშნულია, რომ ვინაიდან სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ, რომელმაც იგი წმინდანად შერაცხა და ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური კვლევაც ჩაატარა, აუცილებელია აღნიშნული ეპიზოდის შეცვლა და ხატწერის კანონიკასთან დაკავშირებული სხვა დეტალების გათვალისწინებაც.