შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს ძალებმა იემენში, „ჰუსიტების“ ობიექტებზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს. აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი „ჰუსიტების“ ობიექტებზე ავიაიერიშს ადასტურებენ. მათი განცხადებით, ეს „ჰუსიტების“ მიერ წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხი იყო. შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, ერთობლივი დარტყმების მიზანი „ჰუსიტების“ ძალების დასუსტება იყო. მისი თქმით, ისინი მეზღვაურებსა და გლობალურ ვაჭრობას მუდმივად საფრთხეს უქმნიან. ოსტინის ინფორმაციით, დარტყმების სამიზნე „ჰუსიტების“ უპილოტო საფრენი აპარატი, უეკიპაჟო ხომალდი, სახმელეთო თავდასხმის ფრთოსანი რაკეტა, ასევე, სანაპირო რადარისა და საჰაერო მეთვალყურეობის ობიექტები იყო.