მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო ჰააგაში განიხილავს საჩივარს, რომელიც ისრაელის მიერ ღაზის სექტორში პალესტინელების სავარაუდო გენოციდს ეხება. საჩივარი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ შეიტანა. წარდგინება ასევე მოუწოდებს სასამართლოს ისრაელს დაავალოს სექტორში სამხედრო ოპერაციები შეწყვიტოს. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა აცხადებს, რომ ისრაელის ქმედებები "მიზნად ისახავს პალესტინის ეროვნული, რასობრივი და ეთნიკური ჯგუფის მნიშვნელოვანი ნაწილის განადგურებას". ის მოითხოვს სასამართლომ "დროებითი ზომები" მიიღოს, მათ შორის, ისრაელმა შეწყვიტოს ყველა სამხედრო მოქმედება ღაზის სექტორში. ისრაელი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და უსაფუძვლოს უწოდებს.