უკვე რამდენიმე დღეა სამების საკათედრო ტაძარში განთავსებულ წმინდა მატრონას ხატზე საღებავის შესხმის ფაქტს განიხილავენ პოლიტიკოსებიც. მმართველი გუნდი რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრებას გეგმავს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, კანონპროექტი ახლო მომავალში დაინიცირდება. ოხანაშვილის განმარტებით, გამკაცრებული კანონი შეეხება როგორც ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ, ისე სხვა რელიგიურ ნაგებობებს. ოპოზიციონერი დეპუტატები კი აცხადებენ რომ ქართული ოცნება ახლა სამების საკათედრო ტაძარში ხატის დაზიანების ფაქტს პროპაგანდისტული მიზნებისთვის იყენებს.