ესტონეთი უკრაინას 2027 წლამდე 1,2 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას გაუწევს, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა, ალარ კარისმა უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„უკრაინას სჭირდება მეტი და უკეთესი იარაღი. ევროკავშირის სამხედრო ინდუსტრიის შესაძლებლობები უნდა გაიზარდოს, რათა უკრაინამ მიიღოს ის, რაც მას სჭირდება, არა ხვალ, არამედ დღეს. ჩვენ არ უნდა გვქონდეს არანაირი შეზღუდვები უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე", - აღნიშნა კარისმა.
მისივე თქმით, ესტონეთს აქვს უკრაინის აღდგენის კონკრეტული გეგმები, რისთვისაც ასევე სამართლიანი იქნება გაყინული რუსული სახსრების გამოყენება.
„რუსეთს სურს დაიპყროს არა მხოლოდ უკრაინა, ის მთელ დემოკრატიული სამყაროს დაუპირისპირდა", - აღნიშნა ესტონეთის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ესტონეთის დედაქალაქ ტალინში დღეს ჩავიდა. გუშინ ის ლიეტუვას სტუმრობდა.